დასავლეთმა უბრალოდ თქვა „ღმერთო ჩემო, აქ რა ხდება“ და მერე მოვიდა რუსეთი. დასავლეთი ამბობდა „ეს არ არის კარგი", მაგრამ დასახმარებლად არ მოსულან და ახლა აგზავნიან ამ იარაღს და უკრაინელებს სასიკვდილოდ უშვებენ, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე კიოტოს უნივერსიტეტის [იაპონია] ასოცირებულმა პროფესორმა პასკალ ლოტასმა, რომლის სპეციალიზაცია ნეიტრალიტეტის საკითხის კვლევაა და ის აღნიშნულ პროგრამას ხელმძღვანელობს კიოტოს უნივერსიტეტში.
საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, „იმედზე“ გადაცემების ახალი სერიის წამყვანმა ლაშა კასრაძემ აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველო ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ სახელმწიფოდ არსებობა შეეწყვიტა. მან აღნიშნა, რომ ხალხი სათანადოდ ვერ აფასებს იმას, თუ რამდენად ახლოს იყო ეს შესაძლებლობა.
„პუტინს შეეძლო აეღო თბილისი და დასავლეთის რეაქცია იქნებოდა ძალიან პასიური, შემოიფარგლებოდა ალბათ მხოლოდ დაგმობით და მეტი რიტორიკით, მეტი განცხადებებით და შემდეგ ექვს თვეში ყველა დაივიწყებდა ყველაფერს.
ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ლიდერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რამდენად დაუცველია საქართველოს პოზიცია. ჩვენ ვნახეთ, რომ თუ რომელიმე ქვეყანას გამოგლიჯავთ და გამოიყენებთ მას საკუთარი უპირატესობისთვის, სტრატეგიული უპირატესობისთვის სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ მთელი რეგიონი ქაოსად იქცევა”, - განაცხადა ლაშა კასრაძემ.
ამასთან, მისი შეფასებით, სამხრეთ კავკასიამ, როგორც გეოპოლიტიკურმა სივრცემ, უნდა გამონახოს გზა, რათა შეიქმნას ეს ჰოლისტიკური სივრცე, სადაც ამ სამი სახელმწიფოს კონდომინიუმში არცერთი სახელმწიფო არ იქნება გამოყენებული დიდი ძალის პოლიტიკისა და ინტერესებისთვის, ამ შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად.
პასკალ ლოტასმა კი თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დასავლურ ქვეყნებს ძალიან კარგად შეუძლიათ აიძულონ სხვები რუსეთთან ომისკენ. მისი შეფასებით, უკრაინა არის სტანდარტული მაგალითი, მაგრამ საქართველომ ეს თავად განიცადა 2008 წელს.
„ბუქარესტის სამიტზე საქართველოს დაჰპირდნენ მომავალში ნატოში გაწევრიანებას და რამდენიმე თვის შემდეგ სააკაშვილმა გადაწყვიტა ამის გამოცდა და პირველი გასროლა განახორციელა.
რა გააკეთა დასავლეთმა? დასავლეთი დასახმარებლად არ მოსულა. დასავლეთმა უბრალოდ თქვა „ღმერთო ჩემო, აქ რა ხდება" და მერე მოვიდა რუსეთი. დასავლეთი ამბობდა „ეს არ არის კარგი“, მაგრამ დასახმარებლად არ მოსულან და ახლა აგზავნიან ამ იარაღს და უკრაინელებს სასიკვდილოდ უშვებენ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია.
ამავდროულად, რუსებს არ სურთ, რომ სხვა სახელმწიფოებმა ისე იმოქმედონ, როგორც მათ სურთ. საქართველოს გადასაწყვეტი უნდა იყოს, ვისთან სურს მოკავშირეობა. საქართველოს შეუძლია შეეცადოს გამოიყენოს ეს განსხვავებული ინტერესები და შეეცადოს დაუახლოვდეს ორივე მხარეს, ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, უკეთესი ურთიერთობები, შესაძლოა ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობაც კი რუსეთთან. თუმცა ამავე დროს უთხრას ევროპელებს, რომ ჩვენ გვინდა თქვენთან ვაჭრობა და ჩვენ გვინდა ევროკავშირთან დაახლოება.
რუსები არასოდეს ყოფილან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. რუსები ძალიან მგრძნობიარეები არიან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ქართველები რუსებს ბევრად უკეთ იცნობენ, ვიდრე ევროპელები და აშშ. ქართველებმა იციან როგორ მოიქცნენ რუსეთთან”, - განაცხადა პასკალ ლოტასმა.