საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა ლაშა კასრაძემ და კიოტოს უნივერსიტეტის [იაპონია] ასოცირებულმა პროფესორმა პასკალ ლოტასმა გადაცემების ახალ სერიაში, რომელსაც „იმედი“ იწყებს და რომელიც საქართველოსა და რეგიონსა და საერთაშორისო სისტემაში მის როლს ეხება, მტრულ სამეზობლოში პატარა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის თემაზე იმსჯელეს.
ლაშა კასრაძემ, რომელიც ახალი სერიის წამყვანია, ინტერვიუს მსვლელობისას აღნიშნა, რომ ასეთმა სახელმწიფომ უნდა გაარკვიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ყველაზე ხელსაყრელია იმ რეალობისთვის, რომლის წინაშეც ის დგას.
მისი შეფასებით, საქართველომ არ დაიცვა ეს ძირითადი წინაპირობა და წესი, თუ როგორ უნდა გადარჩეს საერთაშორისო სისტემაში და ამის ნაცვლად, ატარებდა „თავის საგარეო პოლიტიკას მხოლოდ იმედებზე დაფუძნებული უკიდურესი იდეალისტური თვალსაზრისით“.
„ჩვენ ვხედავთ იერიშს კოლექტიური დასავლეთიდან ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც არ ეთანხმება არსებულ მდგომარეობას, საერთაშორისო სისტემის ამჟამინდელ დინამიკას და ეს აისახება ისეთი პატარა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე, როგორიც საქართველოა. ნეოლიბერალური, ნეოკონსერვატიული ნარატივების გავლენა, რომლებიც კოლექტიური დასავლეთიდან მოდის. ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური რყევები. საქართველოსთვის უცხო არ არის პოლიტიკური რყევები, რამაც გამოიწვია რევოლუციები საქართველოში, ვარდების რევოლუცია, რომელიც მოხდა 2003 წელს და დღესაც მუდმივად არის პოლიტიკური დაძაბულობა. მე ვიტყოდი, რომ ეს დიდწილად უკავშირდება იმ აზრს, რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი უნდა იყოს დაცული”, - აღნიშნა გადაცემის წამყვანმა.
მან პასკალ ლოტასს ჰკითხა მისაზრება, თუ როგორ უნდა მოეკიდოს ამას საქართველო საშინაო პოლიტიკის კუთხით და სად არის ახლა ეს წესებზე დაფუძნებული წესრიგი.
„შედარებით შესუსტდა? ვინმეს აინტერესებს ამ ეტაპზე? გამოვლინდა თუ რა არის ეს? როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გაუმკლავდეს ამას ქართული საზოგადოება?”, - მიმართა მან რესპონდეტს.
პასკალ ლოტასმა პასუხად განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება, როგორც ნებისმიერი საზოგადოება, ალბათ, საკმაოდ გაყოფილია შიდა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება გარე საკითხებს, პატარა სახელმწიფოების პრობლემა ის არის, რომ ბევრი რამ არ განისაზღვრება მათ მიერ.
„სხვა მოთამაშეები ქმნიან ფაქტებს, რომლებსაც მცირე სახელმწიფოები უნდა გაუმკლავდნენ.
საქართველოსთვის ფაქტია, რომ რუსეთი ჩრდილოეთითაა, ხოლო საქართველოს ორ რეგიონში რუსული ჯარებია და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი არ არის გადაწყვეტილი. ეს უბრალოდ ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები ცდილობენ გავლენა მოახდინონ იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ასე რომ, პატარა სახელმწიფოების არ შეუძლიათ შეცვალონ გარე სამყარო, ხოლო ქვეყნის შიგნით, ალბათ, გაქვთ განსხვავებული წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმუშაოს საზოგადოებამ და როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები, მაგრამ გარესამყარო არის მოცემული ფაქტი.
ფაქტია, რომ რუსეთი ჩრდილოეთით არის და სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ამჟამად ოკუპირებულია, რადგან ეს არის ის, რაც ისტორიიდან გამომდინარეობს და ეს საკითხი უნდა მოგვარდეს”, - განაცხადა პასკალ ლოტასმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს აქვს გარკვეული წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საქართველო შიგნიდან, რათა გახდეს პოტენციური მომავალი წევრი სახელმწიფო.
„ასევე ვიცით, რომ შეერთებულ შტატებს აქვს თავისი ხედვები, რომელიც მას სურს განხორციელოს. ახლა თქვენ არ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ შეცვალოთ გარე აქტორები, მაგრამ ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის განსხვავების გავლება სხვა აქტორების მიზნებსა და მათ რიტორიკას შორის.
რაზეც თქვენ საუბრობდით, ვგულისხმობ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, ეს არის რიტორიკის ნაწილი, რომელიც მოდის კოლექტიური დასავლეთიდან, რათა შემოიღოს რესპექტაბელურობის ეს პეწი და საერთო გაგება იმისა, თუ როგორ გვსურს, რომ მსოფლიომ იმუშაოს.
ჩვენ ყველას გვსურს გვქონდეს მსოფლიო, რომელშიც ყველა ერთნაირი წესებითა და რეგულაციებით იქნება შეკრული, სადაც კანონი ყველაზე მაღლა დგას. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ეს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ გვაქვს საერთო კოდექსი ყველასთვის და ამ კოდექსს საერთაშორისო სამართალი ჰქვია.
ახლა საერთაშორისო სამართალი არის ის, რასაც არ იცავენ განსაკუთრებით დიდი მოთამაშეები, შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, მათი უმეტესობა არღვევს საერთაშორისო სამართალს, როცა მიზანშეწონილად მიიჩნევს და განსაკუთრებით, აშშ-მა მოახერხა საერთაშორისო სამართლის ტერმინის ჩანაცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ტერმინით, რომელსაც ისინი არასოდეს განსაზღვრავენ და ეს არის დიდი პრობლემა, რატომაც საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, რომ აშშ საქართველოს ეტყვის გააკეთოს ის, რაც აშშ-ის ინტერესებშია, ასევე გააკეთებს ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთიც. ასე რომ, საქართველოს ხრიკი ასეთია: "მადლობა ყველას. მესმის თქვენი და ახლა გავაკეთებ იმას, რაც ჩემთვის საუკეთესოა”, - განაცხადა პასკალ ლოტასმა.