ევროკავშირი არ არის მარტივი სტრუქტურა - ევროკავშირის ხელმძღვანელობაში 35 000 ადამიანი მუშაობს, 170 მილიარდი არის ბიუჯეტი და ბიუჯეტს იხდიან წევრი ქვეყნები თავიანთი ეკონომიკის პროპორციულად, თუმცა გადაწყვეტილებას 6 ქვეყანა იღებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირში შესვლის შემთხვევაში საქართველოს ისევე როგორც უმრავლეს წევრ ქვეყანას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გადამწყვეტი ძალა არ ექნება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის ბიუროკრატიული რეგულაციებია დაწესებული, მათ შორის ვაჭრობასთან დაკავშირებით და ეს რეგულაციები ჩვენც შეგვეხება.
„ხმების 65%-ს ზუსტად ეს ქვეყნები განაგებენ, დანარჩენ ქვეყნებს გააჩნიათ 1 და 1%-ზე მეტი, ე.ი. არავითარი გადამწყვეტი ძალა ამ ქვეყნების იქ მონაწილეობას არ გააჩნია. მაგრამ ის ბიუროკრატიული რეგულაციები რაც დაწესებულია მათ შორის ვაჭრობასთან დაკავშირებით, ამ რეგულაციებში აღმოვჩნდებით. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ რა გველოდება, მოვამზადოთ ჩვენი ეკონომიკა, რადგან არსებობს გამოცდილება იმ ქვეყნების, რომელთაც ეს გაიარეს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეკონომიკის სტრუქტურაში ძალიან დიდი ცვლილება მოხდება ამისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვემზადებოდეთ“, - აღნიშნა იაშვილმა.