დღეს, როდესაც მსოფლიო იცვლება და იცვლება სწორედ დემოკრატიული თვალსაზრისით, რომ შესაძლებელი ხდება ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებმა საკუთარ სუვერენიტეტზე იზრუნონ, „ქართული ოცნება“ გამოვიდა უკვე ინიციატივით, რომ მას აქვს იმის შესაძლებლობა ახლა დააყენოს ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალურის საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ.
აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების საკითხს და ამ კონტექსტში რამდენად გამართლებულია პოლიტიკურ პროცესზე ამომრჩევლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ეს განცხადება იყო გამოხმაურება „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომელიც დაჰპირდა საკუთარ ამომრჩეველს, სრულიად საქართველოს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში მოხდება რეჟიმის გასამართლება. ბუნებრივია, ეს იყო ქართველი ხალხის დაკვეთა ჯერ კიდევ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოდიდოდა ხელისუფლებაში და დაპირებაც იყო 2012 წელს გაცემული, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, რაც დღეს კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთა, გარე ზეწოლების გამო ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა. მოხდა პირიქით, საწინააღმდეგო, მოხდა კოჰაბიტაცია დანაშაულებრივ რეჟიმთან.
დღეს, როდესაც მსოფლიო იცვლება და იცვლება სწორედ დემოკრატიული თვალსაზრისით, რომ შესაძლებელი ხდება ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებმა საკუთარ სუვერენიტეტზე იზრუნონ, „ქართული ოცნება“ გამოვიდა უკვე ინიციატივით, რომ მას აქვს იმის შესაძლებლობა ახლა დააყენოს ეს საკითხი.
ბუნებრივია, ეს გამოიწვევს რიგ პროცესებს. მათ შორის, გამოიწვევს რეჟიმის შეფასებას და თუკი რეჟიმი შეფასდება იმათ, რაც ეს რეჟიმი იყო, გასამართლდება და ჩამოერთმევა პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, პოლიტიკური საქმიანობის უფლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ხელს უწყობს ქვეყნის გადატრიალებას, ხელს უწყობს დესტაბილიზაციას, ეს ადამიანები, ყველანი, მეტ-ნაკლებად აღმოჩნდებიან პასუხისმგებლობის ქვეშ. ზოგს ექნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენებს ექნებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო იმ ტიპის ამომრჩევლებს, რომლებიც მხოლოდ არჩევანს აკეთებენ, მათ ექნებათ, რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.