„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ სიმბოლურია, რეგიონული შეკრებების შემაჯამებელი ღონისძიების ქუთაისში გამართვა, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქში, საქართველოს სამეფოს ისტორიულ დედაქალაქში, საიდანაც დავით აღმაშენებელმა გააერთიანა საქართველო და საფუძველი დაუდო ქვეყნის ისტორიის ოქროს ხანას.
მისივე თქმით, იმერეთი არის მხარე, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის განვითარებაში.
„იმერეთი არის მხარე, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის, მეცნიერების, ღვთისმეტყველების, ქართული კულტურის, მწერლობის, პოეზიის, მუსიკის, მხატვრობის, თეატრის, ხუროთმოძღვრების, ქართული სპორტის განვითარებაში. იმერეთი, ქუთაისი ტრადიციულად ყოველთვის იყო ქართული ინტელიგენციის სამჭედლო. იმერეთში ცხოვრობს გამორჩეულად ღირსეული, თბილი, ნიჭიერი და ლამაზი ხალხი. მინდა დიდი სიყვარულით მოგესალმოთ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ქუთათურს, წყალტუბოელს, სამტრედიელს, ვანელს, ხონელს, ზესტაფონელს, ბაღდათელს, თერჯოლელს, ტყიბულელს, ხარაგაულელს, ჭიათურელს და საჩხერელს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.