სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლმა, ნანა ქადაგიშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ისაუბრა, თუ როგორ დაეხმარა დიდი თანხით მის ოჯახს შვილის გადასარჩენად ბადრი პატარკაციშვილი.
გადაცემაში მან დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ წაართვეს მის მეუღლეს ბანკი. ოჯახს 20 მლნ ევროს სთხოვდნენ, შემდეგ უთხრეს, რომ თანხის ნახევარი 10 მლნ მიეტანათ.
„ჩემი ისტორია იმდენად რთულია, არ ვიცი რამდენი გადაცემა დაიტევს. როდესაც შევარდნაძემ გაიმარჯვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო „ვარდების რევოლუციის“ მოწყობა. ამ დროს ჩემი მეუღლე გივი თარგამაძემ დაიბარა და უთხრა, რომ „ვარდების რევოლუცია“ უნდა დაეფინანსებინა. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ ვერ დააფინანსებდა, რადგან ბანკი უცხოელების იყო და ის მხოლოდ იმათ ინტერესებს იცავდა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ის დღე, როდესაც ჩვენ „შავ სიაში“ შეგვიტანეს.
ბანკში იყო სერიოზული იურიდიული დეპარტამენტი და დათო სააკაშვილმა შემოუთვალა ჩემს მეუღლეს, რომ იურისტები ყველა გაეთავისუფლებინა და ისინი თავისი იურიდიული სამსახურით შევიდოდნენ ბანკში. ჩემი მეუღლისთვის ასეთი ქმედებები მიუღებელი იყო. მე ვიცოდი სააკაშვილის ხასიათი და ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ მასთან ასეთი პირდაპირი ნუ იქნებოდა, მაგრამ მან მიპასუხა, რომ ამას არ გააკეთებდა და იურისტებს არ გაუშვებდა. მაგრამ ბოლოს იურისტების გაშვება მაინც მოუწია და პრაქტიკულად ბანკში დაიმკვიდრეს ადგილი. ყოველ საღამოს, როდესაც ბანკის საცავი იხურებოდა, ყოველ დღე ფული გაჰქონდათ. ეს იყო ჩემი მეუღლისთვის შოკი. ამიტომ მან დაიწყო ხმამაღალი საუბარი ბანკში. მე ვფიქრობ, მოსასმენი აპარატები ბანკში უკვე დამონტაჟებული ჰქონდათ და რასაც ვლაპარაკობდით, ყველაფერს ისმენდნენ.
2004 წელს ბანკში სპეცრაზმი შემოვარდა. ბანკის თანამშრომლებს ეგონათ, რომ დაყაჩაღება იყო. პირველ დღეს ყველა დაიჭირეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მან გაიხსენა, თუ როგორ მიუტანა პატარკაციშვილის წარმომადგენელმა შვილის გამოსახსნელდ საჭირო თანხა.
„ბადრი პატარკაციშვილმა ჩვენ ძალიან დიდი პატივი გვცა. თუმცა, ფული მე მისთვის არ მითხოვია.
მანამდე მოსკოვში დავრეკე, ამირანმა მეგობრის ტელეფონი მომცა. თურმე, ისინი ვერ ასწრებდნენ შეგროვებას და დილისთვის საქართველოში გამოგზავნას. დიდ თანხაზე იყო საუბარი.
მე ერთი დღე მომცეს, მითხრეს, თუ ხვალ არ შემოიტანთ ფულს, აჩიკოს მოვკლავთო. ჩემი ქმარი ისეთ დღეში იყო, რომ ჩემს შვილს რომ გადაეფარა, თავი გაუტეხეს. ჭრილობა ჰქონდა თავზე.
საღამოს ზარი გაისმა, გაიღო კარი და ვიღაც ბიჭი იდგა და მითხრა, ქალბატონო ნანა, ეს თანხა, ბატონმა ბადრიმ გამომატანა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს რა სიხარული იყო! უკვე ვფიქრობდი, რომ მე ჩემს შვილს ვერასდროს ვნახავდი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.