იმდენად წარმოუდგენელ ისტორიებს ვხედავდი, მესმოდა, ჩემს თავს ხდებოდა, რომ ხანდახან მეგონა, სიზმარში ხომ არ ვარ-თქო, ანუ მართლა ხდებოდა თუ არა, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, გიორგი ზერეკიძემ.
მისივე თქმით, მისი მამის გარდაცვალების საქმე არა იურისტმა რომ წაიკითხოს, მიხვდება, რომ იგი დენის დარტყმის შედეგად არ გარდაცვლილა და არსებული ჩანაწერი საქმეში სიყალბეა.
„დენის კვალი საერთოდ არ აღენიშნება. რატომ უნდა ვიყო უმამოდ? რატომ უნდა გვყოლოდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც შვილებს მამებს უკლავდა?! დედებს შვილებს უკლავდნენ! დღემდე ძალადობენ ესენი და მომავალში უარესად იძალადებენ, თუ მათ მიეცემათ იმის საშუალება, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“, - განაცხადა ზერეკიძემ.
მისივე თქმით, მისი ისტორიის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომლის ჩვენება ხვალ, 15:00 საათზე, გორის თეატრშია. მან მიმართა გორის მოსახლეობას, ნახონ აღნიშნული ფილმი.