უშედეგოდ დასრულდა გორის ძველი ბაზრის მოვაჭრეების და ახალი ბაზრის მეპატრონეებს შორის გამართული ღამის შეხვედრა, რომელსაც კოორდინაციას სამხარეო რწმუნებული და მუნიციპალიტეტის გამგებელი უწევდნენ. შეხვედრა 21 იანვარს გვიან საღამოს გაიმართა.
ორივე მხარეს ახალი შეთავაზებები ჰქონდა. მოვაჭრეები ბაზრის ხელმძღვანელობას სთავაზობენ, რომ ძველი ბაზრის დარჩენის შემთხვევაში ყოველდღიური ჩეკის გადასახადი 2 ლარით გაიზარდოს, ასევე სანიტარული მდგომარეობა უზრუნველყოფილი იქნება. ბაზრის ადმინისტრაცია კი ვალდებულებას იღებს, რომ ახალ ბაზარზე მოვაჭრეები თებერვლის განმავლობაში გადასახადს არ გადაიხდიან, უფასო იქნება ტრანსპორტი და კომუნალური გადასახადი, ასევე ტუალეტის 20 თეთრი.
წინადადებები არც ერთმა მხარემ მიიღო.
ახალი ბაზრის წარმომადგენელი თეა გოგსაძე ამბობს, რომ ძველი ბაზარი აღარასოდეს აღდგება. ,,ეს ჩვენ იმ ხელშეკრულებაში გვიწერია, რომელიც ახალი ტერიტორიის ყიდვისას დავდეთ. ახალ ბაზარში 5 მლნ ლარის ინვესტიციაა ჩადებული და ის უნდა ამუშავდეს” – გვითხრა გოგსაძემ.
Qartli.gE-ს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და ორივე ბაზრის დატოვება (სავაჭრო ფუნქციების გადანაწილების კუთხით), გოგსაძემ გვითხრა, რომ ხელშეკრულება არ გადაიხედება.
,,მინდა გითხრათ, რომ ახალ ბაზარზე უკვე 900-მე მოვაჭრეა გაფორმებული და შეუძლებელია მისი გაკოტრება” – დასძინა მან.
უკმაყოფილო მოვაჭრეები კი აქციების გაგრძელებით იმუქრებიან. მათი თქმით, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეები პროტესტის ნიშნად არ შევლენ, თუნდაც ამას ხანგრძლივი დრო დაჭირდეს.
,,ჩვენ სხვადასხვა ბაზრებზე მაინც მოვახერხებთ მუშაობის დაწყებას, მაგრამ ამ ახალ ბაზარზე არ დავდგებით. ისე დავუყენებთ საკითხს, რომ ახალ ბაზარს მუშაობა არ ექნება და გაკოტრდება” – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
გორის ძველი ბაზარი ოფიციალურად 20 იანვარს დაიკეტა, თუმცა ფუნქციონირება ერთი კვირით ადრე შეწყვიტა. 21 იანვარს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძველი ბაზრიის საწარმოო ფუნქცია მათი მოთხოვნით, სანიტარული მდგომარეობის სიმძიმის გამო, შეწყდა.