უკრაინის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში არის მოლდოვა. ადამიანის უფლებების დარღვევაზეც თუ ვილაპარაკებთ, ამაშიც, მდგომარეობა, რომელიც არის მოლდოვაში, ეს არის კატასტროფა. თუ ამას ევროპულ სტანდარტსა და ადამიანის უფლებების დაცვას უწოდებენ, მაშინ კარგად ყოფილა ევროპის საქმე, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
„როდესაც ლაპარაკობენ დემოკრატიის უკუსვლაზე, არ მინდა წყევლასავით გამომივიდეს და იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლება და მაშინდელი ადამიანის უფლებები მოსწონთ, არ მინდა ვუსურვო, რომ თავიანთ თავზე გამოცადონ ის, რაც ხდებოდა სააკაშვილის ციხეებსა თუ გარეთ, ადამიანის უფლებების, საკუთრების დაცვისა და ეკონომიკური დაცვის თვალსაზრისით. ამიტომ ვისაც ის მოსწონს, იმისთვის არც ევროპაა მშობლიური და არც ადამიანის უფლებები.
მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც ორი პოლიტიკური პარტია აიკრძალა ისე, რომ არანაირი დასაბუთება არ არსებობდა, რატომ უნდა აიკრძალოს, მაშინ, როდესაც საქართველოზე გვეუბნებიან, რომ პარტია, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ის პარტია თურმე არ უნდა გასამართლდეს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს მოლდოვაში პროცესი მიდის, როდესაც პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატს, რომელსაც გამარჯვების შანსი აქვს, სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავენ, რადგან საარჩევნო კამპანიაში რუსულ კვალს ეძებენ.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა მოლდოვასა და საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში შავი სურათია.