„აბსოლუტური უმრავლესობით მოსული ხელისუფლების უბრალოდ გაშავება არ ხდება. მით უმეტეს, მაშინ როცა არ არსებობს არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოახდინა,“- განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს და ძალაუნებურად ყველას მოუწევს შეცვალონ რიტორიკა საქართველოს მიმართ.
„როდესაც მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და ეს პარტია მოსახლეობის მანდატით იწყებს ოპერირებს, ძალაუნებურად აბსოლუტურად ყველას უწევს გადაწყობა და რიტორიკის შეცვლა.
როდესაც ყველა საერთაშორისო კვლევებით საქართველოში აღიარებულია მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, პოლიტიკური ნების გამოხატვის თავისუფლება და სხვა, ევროპარლამენტარები კი ამ დროს სულ სხვა რამეზე საუბრობენ, გამოდის, რომ მათი ქცევა წმინდა წყლის ინსინუაციაა. ეს ადამიანები ინსინუაციებით მაქსიმალურად ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ არჩევნებზე. რატომ? იმისთვის, რომ დაჯდეს ისეთი შედეგი, რომლის პირობებშიც მათ საშუალება ექნებათ თავიანთი მართული ოპოზიციის საშუალებით საქართველოში ააყირაონ ხელისუფლება.
„ქართული ოცნება“ აბსოლუტური უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვერანაირად ვერ იქნება არალეგიტიმური. პირიქით ძალაუნებურად მოუწევს ყველას, შეცვალონ რიტორიკა საქართველოს მიმართ.
აბსოლუტური უმრავლესობით მოსული ხელისუფლების უბრალოდ გაშავება არ ხდება. მით უმეტეს, მაშინ როცა არ არსებობს არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგზე მოახდინა ზეგავლენა,“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.