„დასავლელი პოლიტიკოსები წერენ სცენარს, გეგმავენ ყველაფერს და წინასწარ აგუებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არჩევნები იქნება გაყალბებული. სწორედ მათგან მოდის ასეთი დასკვნები, შენიშვნები", - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ქართველი ოპოზიციური სპექტრის უცხოური ძალების მხრიდან მხარდაჭერაზე საუბრისას. კერძოდ, ჟურნალისტებთან საუბრისას ჩიბურდანიძემ იმაზე ისაუბრა, თუ რამდენადაა შესაძლებელი ლობისტების ჩარევა არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადებაში, რისთვისაც ნიადაგს ოპოზიცია წინასწარ ამზადებს.
თამარ ჩიბურდანიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ არჩევნების პროცესში თუ აქამდე დასავლეთი ფარულად ერეოდა, წელს ღია განცხადებებს აკეთებენ
პოლიტიკური ლიდერები და ეს მიდგომა მხოლოდ მას შემდეგ შეიცვლება, რაც საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში დამარცხდება ყალბი დემოკრატია. ამაში კი, „ხალხის ძალის“ წევრი ღრმადაა დარწმუნებული.
„ისინი წერენ სცენარს, ისინი გეგმავენ ყველაფერს და წინასწარ აგუებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არჩევნები იქნება გაყალბებული. მათგან მოდის ასეთი დასკვნები, შენიშვნები. ამ პროცესში ოფიციალური პირები არიან ჩართულები. წინა წლებში, წინა არჩევნების პოლიტიკური ლიდერშიფი ერიდებოდა ასეთი ღია განცხადებების გაკეთებას. ისინი პოზიციის დაფიქსირებას და თავიანთი სათქმელის გადმოცემას საერთაშორისო ორგანიზაციებს ავალებდნენ. წელს, პარლამენტის არჩევნებში ეს ორგანიზაციები საერთოდ აღარ ჩანან - წინა ხაზზე გამოვიდა ე.წ. დასავლეთის მთელი პოლიტიკური ელიტა.
დროული იყო გამჭვირვალობის კანონი, რომელმაც ფარდა ახადა არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ გააშიშვლა ყალბი დემოკრატია და ამ ყალბი დემოკრატიის დასავლელი მესვეურები.
მე მჯერა, რომ როგორც კი საქართველო გაიწმინდება ყალბი დემოკრატიისგან და ის აუცილებლად იქნება ჭეშმარიტი დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყანა, ზუსტად ისევე გაიწმინდება ევროპა (ამას გააკეთებს ევროპელი ხალხი) და ამერიკა, რომელსაც გაწმენდს თავად ამერიკელები. საქართველო კი, როგორც ევროკავშირის წევრი, როგორც ევროპული სახელმწიფო იქნება მჭიდრო თანამშრომლობაში ევროპასთან და მეგობარ და მოძმე ამერიკელ ხალხთან. ამას წინ ვერავინ გადაეღობება. ეს მხოლოდ დროის ფაქტორია და არავის ეგონოს, რომ ამერიკის არჩევნებში თუ ვერ გაიმარჯვებს ტრამპი, ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში, დარჩება იგივე პოლიტიკა - არა! პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება ამერიკაში, იმიტომ, რომ მათ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ყოფნით იმდენი აზროვნება, საკუთარი ქვეყანა გადაარჩინონ. შტატებში შეცვლილი პოლიტიკით ამერიკა ითანამშრომლებს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან, რომელიც ასევე იქნება მომავალი ხელისუფალი", - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.