გაკეთებული ბოლო განცხადებები, თუ რეზოლუციები, თუნდაც ჰელსინკის კომისიის, რაზედაც არის საუბარი და ეს უხეში ჩარევები ჩვენს შიდა საქმეში, წინასაარჩევნოდ ბოლო გასროლებია, რაც აუცილებლად დასრულდება და ასე მუდმივად არ იქნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ.
იგი ჰელსინკის კომისიის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც არჩევნებს ეხებოდა.
„საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მინდა შევახსენო, რომ ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც ჩვენ 2008 წელს ვიბომბებოდით; როდესაც 90-იან წლებში ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის პირველი ეტაპი განხორციელდა; მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 9 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებები და საკუთრების უფლებები ფეხქვეშ გათელილი იყო, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით დასტურდება დღესაც, როგორც სისტემური დანაშაული, ჩვენ არ გვახსოვს არავინ ჰელსინკის კომისიიდან და არავინ გვახსოვს ევროკავშირის სტრუქტურებიდან აღშფოთებული და შეშფოთებული“, - აღნიშნა ბითაძემ.
მისივე თქმით, დასავლური სტრუქტურების ზოგიერთ წარმომადგენელს სურს, რომ ჩვენს სახელმწიფოს ხელმძღვანელობდნენ მარიონეტები, რომლებიც „ყველაფერს გააკეთებენ ერთ დაძახებაზე“.
„ჰელსინკის კომისიამ“ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, აირჩიონ თავიანთი ლიდერები დემოკრატიულად. გარდა ამისა, „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მათი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.