ჩვეულებრივი სისულელე და სპეკულაციებია - ერთხელ ხომ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და არ დააკმაყოფილა იმიტომ, რომ შინაარსობრივად არის სისულელე - როგორც შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრონ.
კალაძის მტკიცებით, თუ კი საქართველოში უცხოეთიდან “რევოლუცია, ხალხის დაპირისპირება, საპატრიარქოს, სარწმუნოების, პატრიარქის შეურაცხყოფა” აღარ დაფინანსდება, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის აუცილებლობაც დღის წესრიგშიც არ იქნება.
„ჩვეულებრივი სისულელე და სპეკულაციებია. ერთხელ ხომ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და არ დააკმაყოფილა, იმიტომ, რომ შინაარსობრივად არის სისულელე. როგორც შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი?! ჩვენ ხომ მოგვიწოდებს ევროპა, ევროკავშირი, დასავლეთი გამჭვირვალობისკენ და რა არის იმაში ცუდი არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდეთ გამჭვირვალობა? რათა წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ ფინანსური დეკლარაცია. თუ ვისგან მიიღეს თანხები, შემოსავლები და აღნიშნული შემოსავლები რა კონკრეტულ პროექტებში დაიხარჯა. ეს როგორ შეიძლება იყოს პრობლემური?! - წარმოუდგენელია!
ზოგადად, რაც შეეხება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონს, რატომ გახდა ამ კანონის აუცილებლობა? - მარტივია, შენ როდესაც ხედავ, რომ ქვეყანაში აქვთ მცდელობა რევოლუციის მოწყობის, ქვეყანაში აქვთ მცდელობა საზოგადოება ერთმანეთთან დაგვაპირისპირონ, ქვეყანაში აქვთ მცდელობა ექსტრემიზმს ხელი შეუწყონ და დააფინანსონ. ეს თანხები მოდის სხვადასხვა ევროპული მთავრობებიდან, ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, შესაბამისად, აღნიშნული კანონის მიღება აუცილებელი გახდა, რომ ეს თანხები, ყველაფერი გამჭვირვალე იყოს და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. თუ ეს დამოკიდებულება შეიცვლება და არ იქნება დაფინანსებული - რევოლუცია, ხალხის დაპირისპირება, საპატრიარქოს, სარწმუნოების, ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფა და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ კანონის აუცილებლობაც დღის წესრიგშიც არ იქნება”, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 16 მედია ორგანიზაცია, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და 4 ფიზიკური პირი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებენ.
როგორც საია-ს ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული კანონის გამო უკვე უარყოფით შედეგებს იღებენ.
მისივე თქმით, თუ ევროპული სასამართლო კანონის მოქმედების ფარგლებში, ადამიანის უფლებების დარღვევას დაადგენს, სახელმწიფოს კანონის გადახედვა და გაუქმება მოუწევს.