ეს ძალიან გავრცელებული მოვლენაა, როგორც კი ჩნდება წინააღმდეგობა, როგორც კი არ ტარდება მათი ინტერესები, ავტომატურად ესა თუ ის ფიგურა ხდება ევროპელი მმართველების თუ პარლამენტის სამიზნე, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ფრანგმა მწერალმა კლოდ ჟანვიემ.
მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიაზე ჰკითხეს, რომელიც ევროპული ინსტიტუტებიდან მოდის. კლოდ ჟანვიე, რომელიც 20 წელზე მეტია გლობალურ პოლიტიკას იკვლევს, აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან თავდასხმა ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დადებითად წარმოაჩენს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ის მათ ინტერესებს არ ატარებს.
„შეგვიძლია უნგრეთის პრემიერის მაგალითი გავიხსენოთ. ვიქტორ ორბანი ხშირად აკრიტიკებს ნატო-ს პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის გამო. ამიტომ ის ურსულა ფონ დერ ლაიენის სამიზნე გახდა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს თავისთავად ძალიან კარგი ნიშანია, როგორც კი რომელიმე ფიგურა ხდება ევროკავშირის ლიდერების თავდასხმის ობიექტი, ეს მას მხოლოდ დადებითად ახასიათებს. რა თქმა უნდა რთულია უსამართლობასთან შეგუება, მაგრამ მთლიანობაში ეს პოზიტიური მოვლენაა“, - განაცხადა კლოდ ჟანვიემ.
მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართულები არიან კომერციული ბანკებიც, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში.
„ფინანსურ სფეროში არავინ არის მიუკერძოებელი. კერძო ბანკირების, როჩილდების და სხვათა ფინანსური ინტერესები იმდენად ძლიერია, რომ საჯარო ინტერესს უთანაბრდება. ეს არაფორმალური გავლენების სფეროა, სადაც კომერციული მიზნები მმართველი იერარქიის უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი. ისინი დიდ ჩრდილოვან ძალაუფლებას ფლობენ. შესაბამისად, დიდი კოლიზიაა კერძო ინტერესებსა და საჯარო ინტერესებს შორის. კომერციული ბანკები ღრმად მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში“, - აღნიშნა კლოდ ჟანვიემ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი განცხადებების მოსმენისას ვიცოდეთ კონკრეტული თანამდებობის პირი არის თუ არა მოსყიდული.
„ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ კონკრეტული მინისტრი თუ პარლამენტარი არის თუ არა მოსყიდული ფინანსური ელიტის მიერ. პოლიტიკურ წრეებში ძალიან ბევრი ფიგურაა მოსყიდული. ვხედავთ სიხარბეს, სარგებლის მიღების სურვილს. ჩვენ კეთილსინდისიერების პრობლემას ვუბრუნდებით, რაც უფრო ნაკლებ დახარბდება პოლიტიკოსი ცდუნებას, ცხადია მეტი სიკეთის მომტანი იქნება საზოგადოებისთვის. მაგრამ ჩვენს რეალობაში ეს ძალიან რთული საკითხია. ბევრი რამ პერსონალურ სიმტკიცეზე და პატიოსნებაზეა დამოკიდებული. ზოგი საკუთარი სინდისით მოქმედებს, ზოგი კი თანხმდება სხვისი ინტერესები გაატაროს პოლიტიკის, კულტურის თუ ეკონომიკის სფეროებში“, - განაცხადა კლოდ ჟანვიემ.