ვის უკან დგას და როგორ მოქმედებს ფინანსური ელიტა - მათ მიერ გამოყენებულ მეთოდებზე ჩემს წიგნშიც არის საუბარი. ისინი საკუთარ მიზნებს საკმაოდ მდიდარი და წარმატებული ადამიანების მეშვეობით აღწევენ, როგორიცაა მაგალითად ბილ გეითსი, ჯორჯ სოროსი, „გუგლის“, „ფეისბუქის“ და სხვა ტექნოლოგიური გიგანტების მფლობელები, - განაცხადა ფრანგმა მწერალმა კლოდ ჟანვიემ გადაცემა „იმედი LIVE“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რითაც უპასუხა კითხვას - რა მეთოდებით და ინსტრუმენტებით ხერხდება სხვადასხვა ქვეყნის მმართველი ძალების კონტროლი?
„მათ იყენებენ ჰეგემონიის შესანარჩუნებლად. მთელ დასავლურ საზოგადოებაში და ასევე აზიის რიგ ქვეყნებში ნერგავენ ჯანდაცვის, კლიმატის, საკვების, ან მაგალითად განათლების სასურველ პროგრამებს. ამგვარად აღმოჩნდა ევროპა ე.წ. დაღმავალ სპირალში. დღეს აღარ არსებობს ის საფრანგეთი, რომელიც მე მახსოვს ჯერ კიდევ 50 წლის წინ. კარგად მახსოვს ძლიერი განმანათლებლობის პერიოდი, საფრანგეთი მოწინავე იყო ტექნოლოგიების სფეროში, ისევე, როგორც კულტურაში. დღეს მე ძალიან განვიცდი ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას. ოჯახური ღირებულებები გადაგვარდა, დამახინჯდა, ფინანსური ოლიგარქიის ზეწოლის შედეგად, ოჯახური ღირებულებების და კულტურის ფუნდამენტი დეგრადირდა. ჩვენ მოვესწარით სექსუალური განათლების გაკვეთილებს 4 წლამდე ბავშვებისთვის. ამას აკეთებენ, რათა ჩვენი საზოგადოების ღირებულებები გაანადგურონ. დასავლეთი მთლიანად ამ ანგლოსაქსური მომაკვდინებელი იდეოლოგიის ქვეშ არის მოქცეული. ფინანსური ელიტის ეს იდეოლოგია თანხვედრაში მოდის პედოფილურ-კრიმინალური ქსელის ინტერესებთან, რომელსაც ჩვენს წიგნში ვამხელთ“, - განაცხადა კლოდ ჟანვიემ.
მან ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიმართ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის კრიტიკის მიზეზებზე და აღნიშნა, რომ „ეს მათი მხრიდან აშკარა ზეწოლაა“.
„უნდა გავაცნობიეროთ ის, თუ რამდენად გავლენიანია ეს ჯგუფი. მაგალითად მოგიყვანოთ ჯანმოს - ყველა მთავრობა ენდობა ამ ორგანიზაციას, მაგრამ თუ გავაანალიზებთ ვინ აფინანსებს მას, ვნახავთ, რომ ეს არის ბილ გეითსი თავისი ფონდით, ასევე სხვა ფონდები, რომლებიც ჯანმოს ბიუჯეტის ორ მესამედს ავსებენ. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაცია დამოუკიდებელი აღარაა და ფინანსურ ოლიგარქიას ექვემდებარება. ეს ჯგუფი ცდილობს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მოსყიდვას. საბედნიეროდ ზოგიერთი სახელმწიფო ამ ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს. დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან, საკვანძო პერიოდს გავდივართ. შეერთებულ შტატებს ერთპოლუსიანი სამყაროს შენარჩუნება სურს. სამწუხაროდ, მას მხარს უჭერს ევროპა, რადგან მისი ვასალია, ასევე ისრაელი, კატარი, იაპონია და ის ქვეყნები, რომლებიც ე.წ. საერთო კეთილდღეობის ნაწილად ითვლებიან. ეს ჯგუფი მრავალპოლუსიან სამყაროს მოდელს უპირისპირდება, რომელსაც თავის მხრივ მხარს უჭერს ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ირანი, ბრაზილია, სირია - ყველა ის, ვინც არ მიიჩნევა აშშ-ის პირდაპირ მოკავშირედ. ჩვენ მართლაც გარდამტეხ ეპოქაში ვცხოვრობთ. ვისურვებდი, რომ მრავალპოლუსიანმა სამყარომ გაიმარჯვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფსკრულისკენ მივექანებით და ეს საშინელებაა“, - აღნიშნა მწერალმა.