ჰემპტონის ნაციონალურ კინო ფესტივალზე დემი მურმა ყოფილი მეუღლის, ბრიუს უილისის, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. დემის თქმით, Die Hard-ის ვარსკვლავის დემენცია სტაბილურია.
"იცით, ეს ადრეც ვთქვი. დაავადება არის ის, რაც არის და ვფიქრობ, ამის სრული მიმღებლობა უნდა გვქონდეს. იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც ბრიუსია, ის სტაბილურია." — განაცხადა Ghost-ის ვარსკვლავმა.
დემის თქმის, ის ახერხებს, რომ წარსულს არ ჩაეჭიდოს, მიიღოს ბრიუსი ისეთი, როგორიც ახლა არის და დატკბეს მასთან გატარებული დროით.
მური და უილისი 1987 წლიდან 2000 წლამდე დაქორწინებულები იყვნენ და მათ სამი შვილი ჰყავთ. განქორწინებიდან ცხრა წლის შემდეგ, 2009 წელს, ბრიუსმა მეორედ შექმნა ოჯახი და ის დღემდე ქორწინებაშია ბრიტანელ მოდელ, ემა ჰემინგ უილისთან.
2022 წლის მარტში ბრიუს უილისის ოჯახმა განაცხადა, რომ მსახიობი თავის პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა, რადგან აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს. აფაზიის დროს მეტყველების უნარი ქვეითდება, რაც ტვინის დაზიანებითაა გამოწვეული. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ოჯახმა განაცხადა, რომ უილისის მდგომარეობა ფრონტოტემპორალურ დემენციაში გადაიზარდა. როგორც ბრიუსის ამჟამინდელი ცოლი, ემა ჰემინგ უილისი აცხადებს, მიუხედავად დაავადებისა, ბრიუსი ახერხებს ცხოვრებით ტკბობას.
"მხვდება სტატიები სათაურებით, რომ ბრიუსს ცხოვრების ხალისი აქვს დაკარგული. მე კი შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიმართლისგან ძალიან შორსაა. მიუხედავად დაავადებისა, ბრიუსი ახერხებს ცხოვრებით ტკბობას. შეწყვიტეთ ადამიანების შეშინება, რომ თუ მათ დაუსვამენ რაიმე სახის ნეიროკოგნიტური დაავადების დიაგნოზს, ეს დასასრულია." — განაცხადა ჰემინგ უილისმა.