მოლდოვის ქალაქ ბელციში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ოპოზიციური ბლოკის „გამარჯვება“-ის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, სპეცრაზმელებით სავსე ხუთი მიკროავტობუსი ოფისთან დილიდან მივიდა. ისინი პროკურატურისა და ეროვნული ინსპექტორის განჩინების საფუძველზე ატარებენ ჩხრეკას.
მოლდოვის ხელისუფლება 20 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის გაყალბების საქმეს იძიებს. ოპოზიციური ბლოკის ოფისში ჩხრეკა მოლდოვის პოლიციის პრესმდივანმა დიანა ფეტკომ დაადასტურა და აღნიშნა, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ბლოკი „გამარჯვება“ 2024 წლის აპრილში მოსკოვში ჩამოყალიბდა. მასში ხუთი პოლიტიკური პარტია შედის. ბლოკის ლიდერი ილან შორია, რომელიც რუსეთში იმყოფება. მას მოლდოვაში 15-წლიანი დაუსწრებელი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
7 აგვისტოს მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბლოკს რეგისტრაციაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მისი სახელწოდება მასში შემავალი პარტიის სახელს ემთხვევა.