პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიხაილო პოდოლიაკის მიერ, ტელერგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც უკრაინელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის მოლოდინი ამაოა და ახლა, მხოლოდ სანქციების გამკაცრების იმედი აქვთ.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ პოდოლიაკის ეს განცხადება, ფაქტობრივი აღიარებაა, რომ არსებობს მეორე ფრონტის გეგმა, რომელშიც საქართველოც უნდა ჩართულიყო. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები გვსჯიან, რადგან ქვეყანა ომში არ ჩაერთო.
„კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება, ჩვენთვის ესოდენ "მონატრებული", მიხაილო პოდოლიაკის მხრიდან, რომელმაც საკუთარ "ტელეგრამ" არხზე, მათ შორის, დაწერა: "...როგორც ჩანს, ჩვენ ამაოდ ველოდებით დასავლეთისგან რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნას. ერთადერთი იმედი - მის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გამკაცრებაშია".
დიახ - ელოდებოდნენ. ანუ, არც "მეორე ფრონტი" გველანდებოდა, არც მისი გახსნის მოლოდინი და არც მისი გახსნის მოქმედი ძალა - დასავლეთის სახით. ვერ მივართვით და ამის გამო გვსჯიან, ამის გამო ვერ გვიტანენ. უფალმა გაგვაძლიეროს ამ უკანასკნელ ბრძოლაში. ქვეყნის დამანგრეველ მავნებლებს სახელმწიფომ უმკაცრესი და გამანადგურებელი პასუხი უნდა გასცეს!“- წერს დავით ქართველიშილი.