„ეს არ არის ევროპარლამენტის პირველი რეზოლუცია. გვახსოვს სხვა რეზოლუციებიც, სადაც პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ეს კანონები არ უნდა მიგვეღო. ახლა, რადგან ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“ და მივიღეთ „ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონიც“, ახლა პირდაპირ გვეუბნებიან, რომ უნდა გავაუქმოთ ეს კანონები იმიტომ, რომ თურმე ამის გამო ჩვენ ევროკავშირში არ მიგვიღებენ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დელეგატმა ლადო ბოჟაძემ, გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
მისი თქმით, სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინებით ეს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით არის არასწორი. ლადო ბოჟაძის განცხადებით, საფრანგეთის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არც ერთი დასავლელი ლიდერისგან არავის მოუსმენია მაშინ როდესაც იდენტური კანონი გამჭვირვალობის შესახებ ამ ქვეყანამაც მიიღო.
ლადო ბოჟაძის განცხადებით, ამომრჩევლებთან შეხვედრისას მოქალაქეები მხოლოდ ერთ რამეს ითხოვენ, რომ „გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა“.
„ძალიან კარგად აქვს გააზრებული ამომრჩეველს, რაზე არის საუბარი. მთავარი მინდა შევახსენო ყველას, ჩვენ ამაყი ერი ვართ და არავინ არ დაუშვებს, შეიძლება მხარს არც გვიჭერდეს მაგრამ ის რეზოლუცია რაც იქნა მიღებული, ის დამოკიდებულება ყველა ხვდება, რომ ეხება არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველო ყველა მოქალაქეს. ზემოდან ყურებას, თითის დაქნევას, ჭკუის დარიგებას ჩვენ არ მივიღებთ“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.