Beatles ’64, ახალი დოკუმენტური ფილმი, რომლის პროდიუსერი მარტინ სკორსეზეა, რეჟისორი კი დევიდ ტედეში, ლეგენდარული ბითლზის ამერიკაში პირველ ვიზიტზე მოგვითხრობს. ფილმი Disney+-ის პლატფორმაზე 29 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
ფილმში ბენდის აქამდე უნახავი კადრები შევა, მათ შორის დოკუმენტალისტების, ალბერტ და დევიდ მეისლების მიერ გადაღებული კადრები, რომლებიც 4K ხარისხში აღადგინეს. ფილმში ბითლზების მიერ ჩატარებულ კონცერტებსაც ვიხილავთ, მათ შორის მათ პირველ ამერიკულ პერფორმანსს — ვაშინგტონში, კოლიზეუმში ჩატარებულ შოუს.
Beatles '64-ში გამოყენებული მუსიკა და კადრები ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აუგმენტირებულია. ფილმში რინგო სტარისა და პოლ მაკარტნის ახალ ინტერვიუებსაც ვნახავთ, რომლებიც სკორსეზესთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტზე მუშაობის პროცესში. ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი იყო, ასევე, ჯონ ლენონის შვილი, შონ ონო ლენონი.