რობერტო დ'ავერსას ხუმრობა ქართველ ფეხბურთელებზე
„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ „ლაციოსთან“ (1:2) მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საბა გოგლიჩიძის და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იხუმრა.
საქმე ისაა, რომ სერია A-ს მომდევნო ტურში, სანაკრებო პაუზის შემდეგ „ემპოლი“ „ნაპოლის“ შეხვდება და ქართველებსაც მოუწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება, თუმცა მანამდე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ერთად იქნებიან.
დ’ავერსა საბას ურჩევს, რომ კვარას ტრავმა მიაყენოს, ცხადია, ხუმრობით:
„ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მთელი კვირის განმავლობაში განუწყვეტლივ „ურტყას“, ასე დიდი შანსია, რომ ჩემპიონატში მის წინააღმდეგ თამაში არ მოუწიოს (იღიმის - რედ). ხუმრობის იქით კი, ვიტყვი, რომ ახლა დღევანდელ წაგებას გავაანალიზებთ, გვინდოდა სანაკრებო პაუზაზე წაგების გარეშე გავსულიყავით, სამწუხაროდ ვერ შევძელით, მაგრამ ეს არაფერს ცვლის იმ გზაზე, რომელსაც ეს ბიჭები გადიან. „ნაპოლისთან“ მატჩზე მოგვიანებით ვიფიქრებთ“, - თქვა დ’ავერსამ.
საბა გოგლიჩიძეს მიმდინარე სეზონში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „ემპოლი“ 10 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 ოქტომბერს, „ნაპოლის“ უმასპინძლებს.