შალვა პაპუაშვილი: ზურაბიშვილი დარღვევებს სჩადის იმიტომ, რომ აქვს რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური გარანტია

შალვა პაპუაშვილი: ზურაბიშვილი დარღვევებს სჩადის იმიტომ, რომ აქვს რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური გარანტია

ოთხი ტიპის დარღვევა აქვს ქალბატონ სალომეს უკვე: საგარეო ვიზიტები ნებართვის გარეშე, ელჩების არდანიშვნა, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დაკომპლექტებაში,  -  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა აღძრავს.

პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილი  ამ დარღვევებს სჩადის, ვინაიდან რადიკალური ოპოზიციის მხრიდან აბსოლუტური გარანტიები აქვს და ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ საქართველო არა სახელმწიფო, არამედ „ბანანის რესპუბლიკაა“.

„ოთხი დარღვევა არის, რომელსაც ის სჩადის, იმიტომ, რომ აქვს რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური გარანტია, რომელთან ერთადაც შეთანხმდნენ, რომ ჩვენ ხალხი არ ვართ, ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს, ჩვენ სახელმწიფო არ ვართ, ჩვენ კონსტიტუცია არ გვაქვს და გვაქვს ბანანის რესპუბლიკის მოსანიჭებელი სტატუსი, ამ ომის ქარტიით, რომელსაც ხელი მოაწერა რადიკალურმა ოპოზიციამ,“ -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე განმარტა იმპიჩმენტის პროცედურის ტექნიკური დეტალები და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტით გადაყენებას უფრო მეტად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვინაიდან ეს უნდა იყოს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პრეცედენტი კონსტიტუციის უხეში დარღვევის გამო.

„26 ოქტომბრამდე, ჩვენ კონსტიტუციური წარდგინებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. შემდეგ ერთთვიანი ვადაა საკონსტიტუციო სასამართლოში ამის განსახილველად და უკვე ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე 100 მანდატით კენჭს უყრის იმპიჩმენტის საკითხს და გადააყენებს სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან.
წლის ბოლოს ეწურება მას ვადა, ამიტომ, ვადის მხრივ, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს - მაქსიმუმ, შეიძლება ერთი თვით შეიკვეცოს მისი უფლებამოსილების ვადა, თუმცა, მნიშვნელოვანია როგორც სამართლებრივი და პოლიტიკური პრეცედენტი, ვინაიდან, სხვა დროს არ მოხდეს უხეში დარღვევა იმ პირობებში, როდესაც შეიძლება დეპუტატების გარკვეული რაოდენობისგან მიიღოს გარკვეული გარანტიები რომელიმე პრეზიდენტმა, როგორც ახლა მიიღო ქალბატონმა სალომემ და შემდეგ აბსოლუტურად არ მიაქციოს ყურადღება კონსტიტუციას.“ -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.