აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმას, რომ რატომღაც ჩვენ გადავუხვიეთ დასავლეთის კურსს და მივდივართ რუსეთისკენ, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ.
მისივე თქმით, ამ საკითხში ადამიანების სწორი ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია.
„გვინდა, მივიტანოთ სწორი ინფორმაცია ფართო მასებამდე, რათა ხალხმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და ასევე, ხელი არ შევუწყოთ, ალტერნატიული რეალობის შექმნას.
აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმას, რომ რატომღაც ჩვენ გადავუხვიეთ დასავლეთის კურსს და მივდივართ რუსეთისკენ. შესაძლოა, მე ვცდებოდე, მაგრამ გეტყვით, რატომ მაქვს მე ეს აზრი. რომ აიღოთ „ქართული ოცნების“ მიღწევები ევროპისკენ მიმავალ გზაზე - ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას მას შემდეგ, რაც მეიდანი მოხდა, ანუ ამის გამო არ შეგვეშინდა. დავინახეთ, რა მოხდა უკრაინაში, მაგრამ მაინც გავრისკეთ და მოვაწერეთ; მივიღეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც არის მნიშვნელოვანი. ბიზნესმენი ვარ და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი განვითარებისთვის - ზღვის აქეთ ვართ პატარა კუნძული, საიდანაც უამრავი რამ შეგიძლია შეიტანოთ; მივიღეთ უვიზო რეჟიმი და ბოლოს და ბოლოს გავხდით კანდიდატები; ამასთან ერთად, უამრავი ობიექტური დასავლური ინდექსია - საზოგადოების განვითარების, დემოკრატიის, ანტიკორუფციული, ყველაფრით ვართ ნახევარ ევროპისა და ნატოს წევრ ქვეყნებზე წინ. აღარ ვსაუბრობ იმ ქვეყნებზე, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გამოვიდნენ. საერთოდ არ ვედრები მოლდოვასა და უკრაინას“, - განაცხადა რუხაძემ.
მისივე თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია თავად აცხადებს, რომ „საქართველო ძალიან კარგად მიდის“. ასევე, „მსოფლიო ბანკის“ პროგნოზით, ქვეყანა საუკეთესო სამეულშია.
„ქვეყანა ეკონომიკურად ნორმალურად ვითარდება, ასევე მათივე დემოკრატიული ინდექსებით ნორმალურად ვითარდება, მაშინ რას ვაშავებთ?! მაინც იძახიან, რომ ახლა რუსეთისკენ მივდივართ - აქ ეს არ ჩანს.
რაც მთავარია, მედია, ძალიან ძნელია, ასეთი ღია მედიის გარემო, რომ სადმე იპოვო. ძალიან მარტივია, აიღო ლიცენზია. უფრო მეტი პროოპოზიციური არხია, ვიდრე პროპოზიციური და მეორე მხარეს გიდებენ, რომ რატომღაც მიდიხარ რუსეთისკენ“, - აღნიშნა რუხაძემ.
მან ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის როლზეც. მისივე თქმით, რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, თავად ბიძინა ივანიშვილი რუსეთიდან 1998 წელს წამოვიდა და შემდეგ იქ ფეხი არ შეუდგამს. 2004 წელს კი გაყიდა მთავარი აქტივები. თანხა კი დასავლეთის ბანკებში დადო.
„პიროვნულად იგი იქიდან (რუსეთიდან) ძალიან დიდი ხანია წამოსულია. ქვეყანამ რა გააკეთა, რომ პრორუსულისკენ წასულიყო?! დიპლომატიური ურთიერთობა ახლაც არ გვაქვს. უკრაინას ჰქონდა მაიდანის შემდეგ, თუ არ ვცდები 2022 წელს გაწყვიტეს და ჩვენ საერთოდ არ გვქონია და ახლაც არ გვაქვს. ჩვენ ყველაფერში უკრაინას დავუჭირეთ მხარი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი მეზობლებივით, თავი კი არ შეგვიკავებია, რომელთაც ბაიდენიც იღებს და არავინ ერჩის და სანქციების დაწესებას არ უპირებენ. სადაც შეგვეძლო, ყველგან უკრაინას დავუჭირეთ მხარი“, - დასძინა რუხაძემ.