როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ უნდა ვთქვათ, რომ სტაბილურობას ძალიან ხელს უშლის ახლა რაც ხდება. მე გაგახსენებთ, რომ აზიის განვითარების ბანკს ჰქონდა შეხვედრა თავისუფლების მოედანზე. ერთ-ერთი მიტინგი მიუვარდა, გავიდა და დახვდა და უყვიროდნენ წადით აქედანო, ინვესტორებს ყრიდნენ. ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა ქვეყნისთვის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჩვენ თუ არ გავმდიდრდით, ვერ განვითარდება ქვეყანა, არ გვექნება კულტურა და სპორტი, ღარიბ ქვეყანაში ეს შეუძლებელია. მე-12 საუკუნეში ოქროს ხანა იყო იმიტომ, რომ ქვეყანა მდიდარი იყო.
ჩვენ შეგვიძლია, რომ ვიყოთ გენიალური ერი და გვაქვს ამის შესაძლებლობა. გვაქვს ეკონომიკური პოტენციალი, ბუნებრივი რესურსები, საბანკო სისტემა, ტელეკომუნიკაციების სისტემა და კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ოპოზიცია და მთავრობა თუ იქნება ერთი სიკეთისთვის შეკრული, ვიქნებით ძალიან მაგარი ქვეყანა.
ოპოზიციას უნდა მოშორდეს ის ხალხი, ვინც სამასი ათასი კაცი დაიჭირა, ვინც მე მანქანა ამიფეთქა იმიტომ, რომ „ბორჯომი“ არ გადავუფორმე კეზერაშვილის მეგობარს, ვინც ყველას ოჯახს შეეხო და დააზიანა. ეს ხალხი არ შეიძლება იყოს მეორე მხარეს და მხოლოდ იმის იმედად, რომ ვიღაც აიღებს და დასვამს ისევ იქ“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.