ლაშა კასრაძე: რეალობა არის ძალიან მწარე და სამწუხაროდ, მე არ ვფიქრობ, რომ ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება მოხდება. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, ეს დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის ხელწერაა

ლაშა კასრაძე: რეალობა არის ძალიან მწარე და სამწუხაროდ, მე არ ვფიქრობ, რომ ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება მოხდება. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, ეს დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის ხელწერაა

რეალობა არის ძალიან მწარე და სამწუხაროდ, მე არ ვფიქრობ, რომ ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება მოხდება. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. ეს არის დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის ხელწერა, - განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი ლაშა კასრაძემ „იმედი LIVE“-ში აშშ-დან ჩართვისას.

„რაც არ უნდა ფრთხილი ვიყო, მინდა, რომ ობიექტური დავრჩე და პირდაპირ განვაცხადო ის, რომ რეალობა არის ძალიან მწარე და სამწუხაროდ, მე არ ვფიქრობ, რომ ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება მოხდება. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. ეს არის დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის ხელწერა. საბჭოთა კავშირიც ძალიან ბევრ სიცრუეს ამბობდა, რა თქმა უნდა და საერთოდ, დიდ სახელმწიფოებს სჩვევიათ პატარა სახელმწიფოებისადმი ნარატივებით და პროპაგანდის ენით საუბარი. სამწუხაროდ, ბოლო 30 წელია, ეს იყო სულ პროპაგანდა.

გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, რაღაცები გაკეთდა - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარება დასაფასებელია. შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთი ამაში ჩვენ მხარს გვიჭერს და ეს ძალიან დიდი პოლიტიკური აქტივია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ამის იქით კონკრეტული შედეგები რაც მთავარია, უშიშროების თვალსაზრისით, დასავლეთმა ჩვენ ვერ მოგვცა და ვერც მოგვცემდა იმიტომ, რომ ეს იყო ნეოკონსერვატიული, ნეოლიბერალური სისტემის და წყობის განხორციელებული პოლიტიკა იმ იერარქიის და გეოპოლიტიკური წინააღმდეგობის შედეგად, რამაც გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაშლა.

როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებები საერთაშორისო სისტემის მოწყობაზე გახდა ერთმხრივი. ანუ მათ უნდოდათ და მეტწილად ეს გამოვიდა, დემოკრატიული, ლიბერალური სისტემის გავრცელება მიუხედავად იმისა, შეიცავდა თუ არა ეს რისკებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამის ლოგიკური მიწოდებისთვის ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, შეიქმნა ის ნარატივი, რომელსაც ჰქვია ლიბერალური ნარატივი დემოკრატიის, დემოკრატიის განვითარების მიმართ და ნორმატიული, ღირებულებებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა. ამის უკან სინამდვილეში იდგა კვლავ ცივი ომის მენტალიტეტი და ცივ ომში ჩარჩენილი იდეოლოგია. ანუ ის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ის ჯუჯა ქვეყნად გადაიქცა იმასთან შედარებით, რაც იყო, ვაშინგტონისთვის საკმარისი მაინც არ იყო“, - განაცხადა ლაშა კასრაძემ.