„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „კომოსთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, სეზონის წინ შვიდ ტურში 16 ქულაზე თანახმა იქნებოდა, შესაბამისად, გუნდის შედეგით კმაყოფილია.
„გულწრფელად, 16 ქულა ამ დროისთვის ბევრია. ვინც მიცნობს, კარგად იციან, რომ ჩემი ოჯახისთვისაც, ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც კი, ჩემთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სანაკრებო პაუზაზე გამარჯვებით გასვლა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არასტაბილური ორი კვირა მაქვს. მოვახერხეთ მოგება და კარგია, ასე უნდა გავაგრძელოთ, ვიცით, რომ სწორ გზაზე ვართ. ფეხები ყოველთვის მიწაზე უნდა გვქონდეს. 6 თვის წინ რომ შემოეთავაზებინათ შვიდ ტურში 16 ქულა, ხელს აუცილებლად მოვაწერდი.
კვარაცხელიას წინააღმდეგ არდანიშნული პენალტი? მსაჯისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ ძალიან გავბრაზდი და შემდეგ გამაფრთხილა, რის გამოც ვწუხვარ, რადგან მაწუხებს, როცა ყვითელ ბარათს ვიღებ. მითხრეს, რომ VAR-ს ჩარევა არ შეეძლო და მსაჯმა შეაფასა მომენტი, ამიტომ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, მაგრამ მეორე მხრივ დაბნეული ვარ: წინა ტურში ორი მომენტი იყო, როცა VAR-ი უნდა ჩარეულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. არა უშავს, წინ მივდივართ, ყველა სიტუაციაზე უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 16 ქულით ლიდერობს სერია A-ს, მომდევნო ტურში კი, 20 ოქტომბერს, საბა გოგლიჩიძის და საბა საზონოვის „ემპოლის“ სტუმრად შეხვდება.