უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 12 ოქტომბერს „რამშტაინის ფორმატში“ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელზეც ის პარტნიორებს გამარჯვების გეგმას წარუდგენს.
„ჩვენ წარვადგენთ გამარჯვების გეგმას - მკაფიო, მტკიცე ნაბიჯებს ომის სამართლიანად დასრულებისთვის. პარტნიორების გამბედაობა და უკრაინის გაძლიერება - ეს არის ის, რაც რუსულ აგრესიას შეაჩერებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დაგეგმილი შეხვედრა ქვეყნების ლიდერების დონეზე გაიმართება. ადრე ის მხოლოდ თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით ტარდებოდა.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი 2022 წელს შეიქმნა. მისი პირველი სხდომა 2022 წლის 26 აპრილს გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე გაიმართა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი 50-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აერთიანებს.