როდესაც საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს მოსალოდნელი არეულობის შესახებ, ერთი რამ არის - საქმის კურსში არიან, რომ არეულობა უნდა მოხდეს, სხვა ლოგიკა არ არის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
იგი აშშ-ის საელჩოს მიერ ამერიკის მოქალაქეებისთვის დაგზავნილ მესიჯს გამოეხმაურა, რომლითაც საელჩო მათ აფრთხილებს, 26 ოქტომბრისთვის მასობრივი შეკრების ადგილებს მოერიდონ და საპროტესტო ზონებისგან თავის არიდებას ურჩევს.
„თითქოს, დაანონსებაა მომავალში არეულობის. არაერთხელ გვითქვამს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვას არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ ემზადება 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში არეულობის შემოსატანად. ეს არ გამოუვა, რადგან „ქართულ ოცნებას“ გვაქვს 60%-მდე მხარდაჭერა, რომელიც მზარდია და ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა განმეორდეს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.