UFC-ის მებრძოლი, რომან დოლიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც საუბრობს მოახლოებული არჩევნების წინ საზოგადოების ორ ბანაკად დაყოფაზე და ქართველების გაერთიანების აუცილებლობაზე.
მისი განცხადებით, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ძალა ერთობაშია და ქართული კულტურა, ტრადიციები და ადათ-წესები, თავად ქართველების შესანარჩუნებელია.
„რა ლამაზია ჩვენი საქართველო, ჩვენი ბუნება. რა ლამაზი და კარგი კულტურა, ისტორია გაგვაჩნია. ახლა მოვა ეს არჩევნების დღეები და ხალხი ორ ბანაკად დაიყოფა. საერთოდ, გული ძალიან შემტკივა, როდესაც ვუყურებ სოციალურ ქსელებში, რას წერენ ერთმანეთს, როგორ საუბრობენ. სიტყვამ ძალა დაკარგა, ისე ისვრიან ამ სიტყვებს, არც ფიქრობენ და მინდა, რომ გავითავისოთ ქართველებმა, ძალა ერთობაშია - ჩვენი შესანარჩუნებელია ჩვენი კულტურა, ტრადიციები, ადათ-წესები და ქართველობა. ყველანი ძალიან მიყვარხართ და მეც თქვენთან ერთად ვიქნები ამ ოქტომბერს არჩევნების დროს საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი წყნარად ჩაივლის და დამთავრდება ეს რთული, ძნელი, ერთმანეთის აუტანელი პერიოდი და ქართველები ერთმანეთის სიყვარულს ვისწავლით.“ - აცხადებს რომან დოლიძე.