ბატონი ჰერჩინსკის განცხადებები მიუღებელია - ბატონო ელჩო, მე მესმის თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, რომ თქვენი აგენტურა ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ ეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლებას არ გაძლევთ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკი “ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევს თავს, როდესაც საქართველოს შიდა საქმეებში ერევა”.
“ბატონი ჰერჩინსკის განცხადებები მიუღებელია. მათ შორის თავისი არსითა და შინაარსით მიუღებელი საქართველოს მოსახლეობისთვის. ბატონო ელჩო, ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ თქვენს თავს, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოთ. საქართველოს მოსახლეობამ მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ ლგბტ პროპაგანდას არ გავატარებთ, შესაბამისად თქვენ ნახეთ მიტინგი, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა და თქვენ ჯიუტად მაინც გვაწვებით და ამბობთ, რომ თურმე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა ადამიანის უფლებების შელახვაა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ გეთანხმებით - ეს ერთი. მეორე, თქვენ მოუხმეთ ფაქტებს, თურმე დღეს როგორი მშვიდობაც არის მოლდოვასა და უკრაინაში. აქაც შეუსაბამოა ეს განცხადება. უკრაინაში მშვიდობა არ არის, ბატონო ელჩო - ან გატყუებენ, ან იტყუებით. ეგ უბედურებაა, იქ ტრაგედია ტრიალებს, რომელიც როდის დამთავრდება, კაციშვილმა არ იცის. ჩვენ არ გვინდა ისეთი მშვიდობა, როგორიც უკრაინაშია“, - აღნიშნა ზარქუამ.
ამავე თემაზე საუბრისას, ზარქუამ ელჩს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ „შეეშვას შიდა არჩევნებში ჩარევას, რადგან ეს მისი მანდატი არ არის“.
„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ და მოგიწოდებთ, რომ შეეშვით შიდა არჩევნებში ჩარევას - ეს თქვენი მანდატი არ არის. თქვენი მანდატი არის, როდესაც შესაძლებლობა იქნება, რომ ევროინტეგრაციაში საქართველო დაწინაურდეს, იქ ფეხი არ დაგვიდოთ - მხარი დაგვიჭირეთ. ჩვენს უკან ქართველი ერის უმრავლესობა დგას. ასე რომ, ეს გაითვალისწინეთ. მე მესმის თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, რომ თქვენი აგენტურა ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ ეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლებას არ გაძლევთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.