ამერიკის საელჩო, ისევე, როგორც ევროკავშირის სახელმწიფოს ლიდერები ამბობენ, რომ მხარს ოპოზიციას უჭერენ, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ამას ზოგი დიპლომატიური ენით ამბობს, ზოგი პირდაპირ.
„პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ პოზიციას ვეთანხმები, რომ ამერიკის საელჩოს მახვილგონივრული, სხარტი, სარკასტული, იუმორნარევი ქარდები ემსახურება იმას, რომ ოპოზიცია უფრო მომძლავრდეს. ეს სწორია, რადგან დღეს მსოფლიოში დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს, რომელსაც ამ ხელისუფლების შეცვლა არ უნდა. ამერიკის საელჩოს მსგავსი განცხადება გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლების შეცვლას ელოდება. დიახ, ამერიკის საელჩო, ამერიკის პრეზიდენტი, ისევე, როგორც ევროკავშირის სახელმწიფოს ლიდერები ამბობენ, რომ მხარს ოპოზიციას უჭერენ. ამას ზოგი დიპლომატიური ენით ამბობს, ზოგი პირდაპირ. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს მთავრობას უჭერს მხარს, არის რუსეთი. ამერიკის საელჩოს ქარდებზე ძალიან ვხალისობ, რადგან კარგი შინაარსის და კარგი ფორმით, კარგი იუმორით არის შეჯერებული“, – განაცხადა გოცირიძემ.