დავით მათიკაშვილი: შინაარსისგან გამოცლილი რეზოლუციები და ბრალდებები ადრეც გვინახავს, თუმცა შემდგომ საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს

დავით მათიკაშვილი: შინაარსისგან გამოცლილი რეზოლუციები და ბრალდებები ადრეც გვინახავს, თუმცა შემდგომ საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს

მსგავსი განცხადებები და მსგავსი რეზოლუციები ჩვენ ადრეც გვინახავს. გვინახავს შინაარსისგან გამოცლილი ბრალდებები, რომელიც ძალიან მალევე პასუხგაცემულა, თუმცა შემდგომ საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, არის ეს მიდგომები, რომელიც შემდგომ არ მართლდება.

„მსგავსი განცხადებები და მსგავსი რეზოლუციები ჩვენ ადრეც გვინახავს. გვინახავს შინაარსისგან გამოცლილი ბრალდებები, რომელიც ძალიან მალევე პასუხგაცემულა, თუმცა შემდგომ საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს. იქნება ეს თითქოს, ვითომ პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილის, სინამდვილეში კი დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არსებული საქმე და უამრავი სხვა. არის ეს მიდგომები, რომელიც შემდგომ არ მართლდება, ამიტომ ყველა მხარეს მოვუწოდებ, საქართველოსთან, მის კონსტიტუციურ ორგანოებთან და ცესკოსთან მიმართებით, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით დაკომპლექტებული თანამშრომლებით გამოირჩევა და საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს ამ მიმართულებით, იყვნენ მაქსიმალურად ღია და ზუსტები“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანების ეს რაოდენობა, რომელიც ხელს აწერს ამ დოკუმენტს, კიდევ უფრო მეტად ადასტურებს იმას, რომ რეალურად, ამ მოსაზრებას და სულისკვეთებას ამ ორგანოს უმეტესობა არ იზიარებს.

„მაშველი რგოლები რადიკალური ოპოზიციისთვის წინასაარჩევნოდ არ არის პირველი მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. ადამიანების ეს რაოდენობა, რომელიც ხელს აწერს ამ დოკუმენტს, კიდევ უფრო მეტად ადასტურებს იმას, რომ რეალურად, ამ მოსაზრებას და სულისკვეთებას ამ ორგანოს უმეტესობა არ იზიარებს. ასე რომ, ვინც არ უნდა იყოს, თუკი ის თავს ჩვენი ქვეყნის მეგობრად მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში ირქმევს, მათი განცხადებები ცესკოს და იმ წესრიგის მიმართ, რომელიც საქართველოში არსებობს და ამ წესრიგს მაღალ დემოკრატიულ შეფასებას აძლევს უამრავი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია. წამყვანები ვართ უამრავი მიმართულებით, წინ ვუსწრებთ. ევროკავშირის ქვეყნებს და ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, მიუღებელია იმ მოცემულობის სიცრუით გაჯერება, სადაც თითქოს რაღაც გავლენებზეა საუბარი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეკლარაციაში - “არჩევნები საქართველოში - საგანგაშო მოვლენები”, რომელსაც 24 წევრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ “საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის.დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი.