თუ არჩევნები არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მზად ვიქნებით ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს - საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის, რისი გამოცდილებაც ევროკავშირს აქვს ბელარუსის შემთხვევაში და იმედი გამოთქვა, რომ არასდროს მოხდება საქართველოს შემთხვევაში.
“იმედი მაქვს, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. იქნება კონკურენტული, ინკლუზიური, გამჭვირვალე. ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. თუმცა, თუკი ის არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნა, ჩვენ დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას, მაშინ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს - საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას. ეს არის ის, რისი გამოცდილებაც გვაქვს ბელარუსის შემთხვევაში და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამის გამოცდილება არასდროს გვექნება საქართველოს შემთხვევაში“, - აღნიშნა ელჩმა.