აშშ-ს ელჩი: ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს ამერიკის საელჩოში, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, საელჩოში გვაქვს ერთი მისია და ვმუშაობთ ერთად - უკიდურესად ამაყი ვარ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოთი

აშშ-ს ელჩი: ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს ამერიკის საელჩოში, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, საელჩოში გვაქვს ერთი მისია და ვმუშაობთ ერთად - უკიდურესად ამაყი ვარ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოთი

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს ამერიკის საელჩოში, ჩვენს ადგილობრივ თანამშრომლებს საქართველოში და ამერიკელ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან მჭიდროდ მუშაობენ ერთად. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გვაქვს ერთი მისია და ვმუშაობთ შეუფერხებლად, ერთად და უკიდურესად ამაყი ვარ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოთი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“-ის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ მოხარული იქნება იმუშაოს ინკლუზიური გზით ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩეულ ნებისმიერ დემოკრატიულ ხელისუფლებასთან.

„ძალიან კრიტიკულია, ამომრჩეველს ხმის მიცემისას ესმოდეს, რომ მათ დანამდვილებით იციან, ვის აძლევენ ხმას და რის გაკეთებას აპირებს მათთვის მათი წარმომადგენელი ან პარტია. ერთადერთი გზა, საიდანაც სიმართლეს ვიღებთ და გზას ვიკვალავთ დეზინფორმაციაში, პოლარიზებულ კამპანიასა და რიტორიკაში, არის მედია და სამოქალაქო საზოგადოება და სწორედ ამიტომ ვარ ასეთი მხარდამჭერი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქართველოში, რადგან როლი, რომელსაც ისინი ასრულებენ, უზრუნველყოფს, რომ არჩევნებზე მისულმა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რას უნდა მისცეს ხმა. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს - ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, მოხარულები ვიქნებით, ვიმუშაოთ დემოკრატიული გზით არჩეულ ნებისმიერ ხელისუფლებასთან, ვინც იქნება არჩეული თავისუფლად და სამართლიანად ინკლუზიურად და ღიად ჩატარებულ არჩევნებში. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნების ნამდვილი VIP - ქართველი ამომრჩეველი, გამოვა ხმის მისაცემად, ეცოდინება რა, რომ მისი არჩევანი ფარულია და ეცოდინება ხმის მიცემისას, თუ რას აძლევენ ხმას. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს ამერიკის საელჩოში, ჩვენს ადგილობრივ თანამშრომლებს საქართველოში და ამერიკელ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან მჭიდროდ მუშაობენ ერთად. ჩვენ ვართ ერთი გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, გვაქვს ერთი მისია და ვმუშაობთ შეუფერხებლად, ერთად და უკიდურესად ამაყი ვარ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოთი. ვიმედოვნებ, რომ ყველა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ჩემს ქვეყანაში, ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შედეგად მოიტანს ხელისუფლებას, რომელიც ასახავს ხალხის ნებასა და სურვილს“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გუშინ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებსა“ და პოსტებს გამოეხმაურა და აშშ-ს ელჩს ურჩია, „ჩაიხედოს თანამშრომლების საქმიანობაში“. „აშშ-ის ელჩს ვთხოვ, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში - ISFED-ი “ქართულ ოცნებას” ბრალად სდებდა 46 000 ხმის გაყალბებას, საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი, ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, ეს იყო უხეში ბრალდება“, - განაცხადა კობახიძემ.