კიდევ ერთხელ მოვიწოდებ ყველა ქართველს, წავიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა, მომავალი არჩევნები იქნება აბსოლუტურად აუცილებელი თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს თქვენ, ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოთ, რომელ პარტიას მისცემთ ხმას, მაგრამ ჩემზეა იმის მოწოდება, რომ გითხრათ: გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა, თქვენი ხმა ნამდვილად, ნამდვილად მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვბენ, რომ მოახლოებულ, 26 ოქტომბრის არჩევნებში აქტივობა იქნება ისტორიულად მაღალი და თქვენ კოლექტიურად გადაწყვეტთ თქვენი ქვეყნის მომავალს“, - აღნიშნა ელჩმა.
კითხვაზე, რა აზრის არის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ელჩმა უპასუხა:
„ევროკავშირი არ არის საარჩევნო პროცესის ნაწილი საქართველოში. ჩვენ არ ვმონაწილეობთ არჩევნებში. ერთმანეთს პოლიტიკური პარტიები ეჯიბრებიან და მათ უნდა გადაწყვიტონ არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით, როგორი მთავრობა ჩამოყალიბდება. ჩემი მხრიდან, როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ყველა ქართველს, წახვიდეთ და მისცეთ ხმა. ეს არის თქვენი კონსტიტუციური უფლება, მაგრამ ეს ასევე არის თქვენი სამოქალაქო ვალი. გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა. თქვენი ხმა ნამდვილად მნიშვნელოვანია. თქვენ გადაწყვეტთ, როგორი იქნება თქვენი ქვეყანა, საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია“, - აღნიშნა ელჩმა.