პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის, რადიკალური ოპოზიციის და უცხოელი პარტნიორების საერთო გეგმებს ეხმიანება.
„ყველა ოპოზიციონერის განცხადება არის 27 ოქტომბრის გეგმა“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიცია და უცხო ძალები ერთად მოქმედებენ.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის გარდა, გერმანიის კანონმდებლობაც დაარღვია, როდესაც გერმანიაში სიტყვით გამოსვლისას კოალიციურ მთავრობასა და არჩევნების შედეგებზე ისაუბრა.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას ეროვნული დროშით ხელში ატარებს, რადიკალურ ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს ლგბტ დროსა უჭირავთ და უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებენ.
„ჩვენ, ჯერ კიდევ მაისში ვამბობდით, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია იქნებოდა ეროვნული დროშით ხელში, ხოლო ოპოზიციის ხელში, სალომე ზურაბიშვილის თამადობით იქნებოდა ლგბტ დროშა და ახლა, ჩვენ ამ სურათს ვხედავთ. მეტსაც გეტყვით, სალომე ზურაბიშვილმა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, არამედ ახლა გერმანიაში დაარღვია გერმანიის კანონმდებლობა. იქ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, რაც გერმანიის კანონმდებლობით აკრძალულია, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ, როგორც ჩანს, მის პატრონებს შეუსრულა თხოვნა და დაიწყო საუბარი მომავალ კოალიციაზე და მომავალ მთავრობაზე, მაშინ, როდესაც ჯერ არჩევნები ჩატარებული არ არის. ნაცმოძრაობის პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა (თამამად შეგვიძლია ასე ვუწოდოთ), პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ გაშიფრა ის სქემა, რისთვისაც ემზადებიან უცხოელები და აქაური ოპოზიციის წარმომადგენლები. მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკის საელჩომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა სურათი და ამოწია ის თემა, რაშიც თავად აქვს მონაწილეობა მიღებული (ჩემი აზრით ეს საკითხი არ უნდა გაეღვიძებინათ) ISFED-ის გაყალბებასთან დაკავშირებით, რომელზეც არათუ ბოდიში არ მოუხდიათ, არამედ პირიქით, დააწინაურეს ორგანიზაციის მაშინდელი ხელმძღვანელი, რომელიც ვითომ გადადგა. ერთის მხრივ არის ამერიკის საელჩო, რომელმაც დაიწყო გაყალბებაზე საუბარი, მეორეს მხრივ გვარამია, რომელიც ამბობს - რა მნიშვნელობა აქვს, რა შედეგებს დადებს ცესკო, მთავარია მე ტანით რას ვიგრძნობო და გერმანიაში გამოდის სალომე ზურაბიშვილი და საუბრობს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე.
ყველა ოპოზიციონერის განცხადება არის 27 ოქტომბრის გეგმა, ემჩნევათ კიდეც. ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის გარდა, არცერთი მათგანი არ დადის საზოგადოებაში, არ აქვთ თემატური შეხვედრები, უბნებში საერთოდ არ დადიან და ა.შ. ზურაბიშვილი, ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, ყველგან მოძრაობს, როგორც კანონდამრღვევი, საქართველოშიც და გერმანიაშიც,“- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.