დავით მათიკაშვილი აშშ-ის საელჩოს ბანერებზე: საზოგადოება მეტად აღიქვამს, რომ არის მცდელობა ჩარევისა ქვეყნის სუვერენიტეტში, წინასაარჩევნო პროცესში და უფრო მტკიცედ დაიცავს არჩევანს

დავით მათიკაშვილი აშშ-ის საელჩოს ბანერებზე: საზოგადოება მეტად აღიქვამს, რომ არის მცდელობა ჩარევისა ქვეყნის სუვერენიტეტში, წინასაარჩევნო პროცესში და უფრო მტკიცედ დაიცავს არჩევანს

საზოგადოება კიდევ უფრო მეტად აღიქვამს, რომ არის რეალური მცდელობა ჩარევისა ქვეყნის სუვერენიტეტში, წინასაარჩევნო პროცესში და უფრო მტკიცედ დაიცავს იმ არჩევანს, რომელსაც ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს გააკეთებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

იგი ამგვარად გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ, კრიტიკული შინაარსის ბანერებს.

დავით მათიკაშვილის შეფასებით, ავტორთა მიზანი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენაა.

„ხშირად მოსდით ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ ბოლომდე კარგად ვერ აღიქვამენ იმ მაჯისცემას, რომელიც არის საზოგადოებაში, მათ შორის პოლიტიკური კუთხითაც და ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომელთა შედეგებიც ასახავს რეალობას, რომ მათ არ აქვთ ცოდნა საზოგადოების განწყობისა. როდესაც აქცენტს აკეთებ მაგალითად, ნინო ლომჯარიაზე - კარგად ჩანს, ნინო ლომჯარიას რეიტინგი როგორია საზოგადოებაში და როდესაც მასზე აკეთებ აქცენტს, ბუნებრივია, პირდაპირ ამბობ იმას, რომ ვერ იგებ კარგად საზოგადოების მაჯისცემას.

ახლაც იგივე ხდება. ერთადერთი, რასაც გამოიწვევს ეს ქმედება ისევე, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარედან მიღებული მაშველი რგოლები რადიკალური ოპოზიციისთვის, იქნება ის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად, კარგად გათვითცნობიერებული აღიქვამს, რომ არის რეალური მცდელობა ჩარევისა ქვეყნის სუვერენიტეტში, წინასაარჩევნო პროცესში და ის ბევრად უფრო მტკიცედ დაიცავს იმ არჩევანს, რომელსაც ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს გააკეთებს საარჩევნო ურნებთან.

საზოგადოება მტკიცედ დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, მის ურყევ სურვილს, რომ დემოკრატიულ, ღია არჩევნებზე გადაწყვიტოს საზოგადოებამ, თუ ვინ იქნება ქვეყნის ხელისუფალი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.