„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ზურაბიშვილის ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება.
ქართველიშვილის შეფასებით ზურაბიშვილის ამ განცხადებით ირკვევა, რომ ის „პირველ რიგში დასავლეთზე წუხს“.
„ჩემთვის უკვე ის კი არაა იმდენად მნიშვნელოვანი, შინაარსობრივად რას იძახის ეს ქალი - ყოველთვის შეიძლება აქცენტის გაკეთება მის მიერ ქართული ენის ფლობის პრობლემაზე. თუმცა შინაარსობრივადაც საინტერესოა - დასავლეთზე წუხს პირველ რიგში, ანუ თავის რეალურ სამშობლოზე.
ამიტომაც მისი ყოველი განცხადების ფორმაზე მინდა გავამახვილო ჩვენი ყურადღება. მას ქართველი ხალხი ეზიზღება. ზუსტად ისე, როგორც ეზიზღებოდა 20-იან წლებში საქართველოდან გახიზნული ემიგრაციის დიდ ნაწილს, ქვეყანაში დარჩენილი მოსახლეობა. "წითელი" მოსახლეობა, "საბჭოთა" მოსახლეობა. "მეორეხარისხოვანი" და "მოღალატე" ქართველები. ის დღემდე გვიყურებს მენშევიკური მზერით, ის დღემდე ვერ გვიტანს, ვეზიზღებით და შურს იძიებს ჩვენზე.
საოცარი წამოცდენა ჰქონდა წელს 26 მაისს - ჩემი ძირითადი ამოცანა არისო, დავამარცხო აქ "საბჭოეთი". მათ შორის ის "საბჭოეთი", რომელმაც ფაშისტური ტყვეობიდან გაათავისუფლა მისი სამშობლო საფრანგეთი. გაათავისუფლა ის "უმაღლესი ხარისხის ქართველობა", რომელიც უპრობლემოდ აგრძელებდა კრუასანების მირთმევას ფაშისტებთან კოლაბორაციაში. გასაგებია - რომ ყველას არ ვგულისხმობ, რამეთუ გვახსოვს და ვლოცულობთ მათ შორის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცზე.
ის "საბჭოეთი", რომელიც 9 აპრილს სასანგრე ნიჩბებს მსხვერპლად შეეწირა, მაგრამ სწორედ მას ებრძვის დღეს მადამ პღეზიდანი და აღარც კი მალავს ამას. აქედან მოდის მისი რუსული პარანოია, "რუსეთუმეობით" შეპყრობილობა. აქედან მოდის საქართველოს ომში გახვევის შემთხვევაში მისი ერთადერთი ზრუნვა და წუხილი - "დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება". ფაშისტების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამხმარე და ყველაზე დაუნდობელი ძალა ადგილობრივი მოსახლეობის რიგებიდან - "პოლიცაები" იყვნენ. ზურაბიშვილი - დასავლეთის "პოლიცაია" საქართველოში...“-წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.