სხვადასხვა პოლიტიკური პროცესის მიმართ ხელისუფლებისადმი საზოგადოების პროტესტს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის„ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მთავარი პრეტენზია საზოგადოებას აქვს ნაციონალური მოძრაობის გამო, რომლის საქმიანობის აკრძალვა, ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე არ მომხდარა.
„ჯერ პოლიტიკურ კონტექსტში გავატარებ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას, მერე მას სულიერ ასპექტებს დავამატებ, მერე ამ ორს ერთმანეთს შევადარებ და მერე დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. „კლავიატურის დივიზიონის" (რომლიდან პირველი - მე ვარ) მეომრების მხრიდან ხშირად ისმის უკმაყოფილო პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ: რატომ არ დაასრულეთ დღემდე ნაცსექტა, რატომ არ გადაგყავთ ვივამედელი პაციენტი „პარაშასთან", რატომ გვყავს პრეზიდენტად ზურაბიშვილი, რატომ აღმოცენდა უამრავი მოღალატე ოცნების „ორანჟერეაში" და ა.შ.
ამ პრეტენზიებს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი საფუძველი, თუ მათ განცალკევებულად, ამ ქვეყნისა და მისი საზოგადოების კონტექსტის მიღმა განვიხილავთ. მაგრამ, თუკი მოვახდენთ ამ პრეტენზიების არსებულ, კონკრეტულ უკმაყოფილო საზოგადოებაზე პროეცირებას, რომლის უშუალო მონაწილეობით მოხდა 1989 წლის სექტემბერში ცხინვალში უაზრო შეჭრა, 1991-1992 წ.წ. ზამთრის პუტჩი, 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში ტყვიის გავარდნა, 90-იანებში „მხედრიონის" თარეში (2003-2012 წ.წ. მოვლენებს აღარ ჩამოვთვლი, შორს წაგვიყვანს) და ა.შ. მაშინ სულ სხვა სურათს მივიღებთ.
ახლა კი, „სულიერი" პრეტენზიები: რატომ ქმნის ამ ყველაფრის პერიოდულად თუ ქრონიკულად აღმოცენებისთვის ნოყიერ ნიადაგს ჩვენი საზოგადოება. უნიკალური „სტარტაპის" მქონე საზოგადოება, რომელიც: 1) ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანაში დაიბადა, 2) მართლმადიდებლურად მოინათლა, 3) მორწმუნე ნათლიებით არის გარშემორტყმული, 4) სახარებაზე აღიზარდა, 5) ეკლესიურ საიდუმლოებებს პრაქტიკულად აღასრულებს, 6) ლოცულობს და მარხვებს ინახავს, 7) საკუთარ ცოდვებს ებრძვის, ყველაფერს აკეთებს ინდივიდუალური გადარჩენისთვის, რათა „მის გარშემო ათასები გადარჩნენ" და ა.შ.
ანუ, „სტარტაპი" იდეალურია ნაყოფიერი საზოგადოებრივი ნიადაგის შესაქმნელად. გაგრძელება როგორი აქვს? აი როგორი ნიადაგიცაა - ზუსტად ისეთი. ამიტომ, ხელისუფლების თვალში ბეწვის ძებნას, საკუთარ თვალში დირეს მივხედოთ. ხოლო პარალელურად იმ ნიადაგის განაყოფიერებას, რომელზეც სავსებით ლოგიკური და სამართლიანი პრეტენზიები ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ ამ ქვეყანაში სარეველასავით აღარ აღმოცენდება", - წერს დავით ქართველიშვილი.