გვარამიას განცხადება არის პირდაპირ მოწოდება იმ საზოგადოების მიმართ, ვინც ვერ ერკვევა ან გაერთიანებულია რადიკალური ოპოზიციის გარშემო, რომ დარწმუნებული იყვნენ, მათ რადიკალურ ქმედებებს საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, გვარამია პოლიტიკურ პარტნიორებს ბრალს სდებს, რომ ისინი მზად არიან, საქართველოში რევოლუციურ პროცესებს სათავეში ჩაუდგნენ.
„ეს არის მოწოდება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, გარეთ გამოვიდეს და რევოლუციურ პროცესებში ჩაერთონ. მეორე მხრივ, ეს არის პარტნიორი ქვეყნების მიმართ შეძახილი, რომ რევოლუციურ პროცესებს სათავეში ჩაუდგნენ, რაც, სამწუხაროდ, ახლახანს ვიხილეთ, როცა ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, ის პროცესები განევითარებინათ, რაც მაიდანისთვის არის დამახასიათებელი. პარტნიორებმა უნდა გაანალიზონ, რა განცხადებებს აკეთებს პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც „ახალი“ დაირქვა, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ილაშქრებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ვის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცესკო? ცესკო სულ იტყუება, მთავარია, ხალხი რას გრძნობს“. ამავდროულად, გვარამიამ აღნიშნა: „2020 წელს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ წააგო, მაგრამ ძალიან მყიფე იყო ხაზი, არ იყო დიდი სხვაობა და ამასთან, ძალიან მოუმზადებელი, მეტიც, ცუდად მომზადებული შეხვდა ამას დასავლეთი. კრიტიკას ვერ უძლებდა მაშინ დასავლური შეფასებები. ეს ვითარება ხომ აღარ არსებობს. პირიქით, დასავლური ელჩები ელოდებიან, როგორი ბასრი განცხადებები გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ გაყალბდება“.