მეორე კვირაა, რაც ჰიპ ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი პატიმრობაში იმყოფება. მას შემდეგ, რაც სასამართლომ გირაოთი მის გათავისუფლებაზე უარი თქვა, რეპერი ბრუკლინის წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს, სადაც მან მოწამვლის შიშით საკვების მიღებაზე უარი თქვა.
შონ კომბსს, ბრალად სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა, ძალადობა და არაერთი მძიმე დანაშაული ედება. კომბსის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ე.წ. ფრეიქ ოფ წვეულებებს ცენტრალური ადგილი უკავია. ბრალდების მხარის მტკიცებით, მრავალდღიან სექსუალურ ორგიებზე დიდი ოდენობის ნარკოტიკებს მოიხმარდნენ და ქალების სექსუალურ ექსპლუატაციას ეწეოდნენ, წვეულებებზე გადაღებულ ვიდეოებს კი მათი მანიპულაციისა და შანტაჟისთვის იყენებდნენ.
სხვადასხვა წყაროებით, წვეულებების ხშირი სტუმრები იყვნენ შოუ-ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის, ლეონარდო დიკაპრიო, ჯეი ზი, ბიონსე, მერაია ქერი, ჯენიფერ ლოპესი და ჯასტინ ბიბერი, ასევე ცნობილი პოლიტიკოსები და სამეფო ოჯახების წევრები, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ხდებოდა თუ არა სექსუალური ძალადობა მათი თანდასწრებით.
კომბსი ყველა ბრალდებას უარყოფს. ფედერალური სასამართლო მის საქმეს უახლოეს თვეებში განიხილავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რეპერს მრავალ წლიანი პატიმრობა ემუქრება.