ე.წ. ნეიტრალურ დამკვირვებლად დარეგისტრირდა ცესკოში „საქართველოს მომავლის აკადემია“. მისი დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა ალექსანდრე ზიბზიბაძე, რომელიც პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია და „ფრანკლინის კლუბის“ დამფუძნებელიც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ალექსანდრე ზიბზიბაძე არის „საარჩევნო ლაბორატორიის“ დირექტორიც“, რომელიც ასევე დამკვირვებლის სტატუსით არის დარეგისტრირებული არჩევნებზე.
„საქართველოს მომავლის აკადემია“, „საარჩევნო ლაბორატორია“ და „მიშგოვ ლარდა“ ის ორგანიზაციებია, რომლებიც, მიქანაძის ინფორმაციით, კოალიციაში იმყოფებიან ნინო ლომჯარიასთან და ეკა გიგაურთან სადამკვირვებლო მისიაში „ჩემი ხმა“.
„ალექსანდრე ზიბზიბაძე იმავდროულად ორგანიზაცია „საარჩევნო ლაბორატორიას“ დირექტორიცაა, რომელიც ასევე დარეგისტრირდა არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით. ორივე ხსენებულ ორგანიზაციაში მმართველი საბჭოს წევრია მარია დარჩიევი, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია „მიშგოვ ლარდა“ ასევე დარეგისტრირდა დამკვირვებელ ორგანიზაციად ცესკოში. სამივე ეს ორგანიზაცია იმყოფება კოალიციაში ნინო ლომჯარიასთან და ეკა გიგაურთან სადამკვირვებლო მისიაში „ჩემი ხმა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მან ე.წ. ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან ასევე ყურადღება გაამახვილა „განათლების პროფესიული კავშირზე“, რომლის ხელმძღვანელი, აკაკი ხუსკივაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველია და ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეებთან - ლევან თარხნიშვილსა და ზურაბ ხარატიშვილთან ერთად, გაერთიანებულია ორგანიზაციაში „დაიცავი არჩევნები“.
„განათლების პროფესიული კავშირი“ ის მორიგი ე.წ. ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც ცესკოში დარეგისტრირდა. აღნიშნული ორგანიზაცია შედგება ცესკოს ყოფილი თანამშრომლებისგან და მას ხელმძღვანელობს აკაკი ხუსკივაძე. ეს უკანასკნელი საზოგადოებას ახსოვს წინა არჩევნებში ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით, ოპოზიციის სასარგებლოდ. ამავდროულად, აკაკი ხუსკივაძე არის „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი, მას შეწირული აქვს 10000 ლარი. აკაკი ხუსკივაძე, ასევე გაერთიანდა ახლად შექმნილ ორგანიზაციაში „დაიცავი არჩევნები“ ისეთ ოდიოზურ ფიგურებთან ერთად, როგორიც ცესკოს ყოფილი თავმჯდომარეები ლევან თარხნიშვილი და ზურაბ ხარატიშვილი, ასევე ცესკოს ყოფილი თანამშრომლები - აკაკი კობალაძე და ვანო ბურდული არიან. სწორედ ეს ადამიანები, ტრენინგებს უტარებენ ახალგაზრდებს, რომლებიც გაერთიანებული არიან სხვადასხვა ახლად შექმნილ პლატფორმასა და ორგანიზაციაში ოპოზიციური სუბიექტების მხარდასაჭერად“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი, შმაგი ჩოხელი ხელმძღვანელობს, ასევე დარეგისტრირდა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად.
„ცესკოში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად დარეგისტრირდა „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“, რომელსაც შმაგი ჩოხელი ხელმძღვანელობს. შმაგი ჩოხელი პირად Facebook გვერდზე გამოირჩევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით, განსაკუთრებით აზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ლაშა ფარულავასა და ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასილ ურუშაძის განცხადებებს. შმაგი ჩოხელმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა არაერთი საჯარო განცხადებით, სადაც ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ითხოვდა.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ნეიტრალური ორგანიზაციის სტატუსის მორგებას, სინამდვილეში კი უშუალო კავშირში არიან რადიკალური ფრთის პოლიტიკურ სუბიექტებთან“, - განაცხადა მიქანაძემ.