ვიზაჟისტმა სიერა-ლეონედან 24 საათში 111 მაკიაჟი გააკეთა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაცია გინესის რეკორდების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
26 წლის მერი იონგაიმ 19 წლის წინ დამყარებული შედეგი გააუმჯობესა - მაშინ ინდონეზიელმა მართა ტილაარმა ამავე დროის განმავლობაში 96 მეიქაფის გაკეთება მოასწრო.
გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად იონგაის მაკიაჟი გარკვეული წესების დაცვით უკნა გაეკეთებინა. კერძოდ, თითოეულ შემთხვევაში მას უნდა გამოეყენებინა: ტონალური, კონსილერი, რუჟი, ბრონზატორი, სულ მცირე 2 ფერის თვალის ჩრდილი, თვალის ფანქარი, ტუში, ტუჩსაცხი, ტუჩის გლოსი, ტუჩის ფანქარი და პუდრი.
იონგაის მიზანი 24 საათში 100 მაკიაჟის გაკეთება იყო, თუმცა მან საკუთარ მიზანსაც გადააჭარბა. 24 საათის განმავლობაში მან მხოლოდ ერთხელ - 20 წუთით შეისვენა. ამასთან, ქალს არაფერი უჭამია, არ გასულა საპირფარეშოში, არ დაულევია ყავა და ენერგეტიკული სასმელები.