ერთია იმის თქმა, რომ ოპოზიცია ემზადება არეულობისთვის და ეს ვიცით, თუმცა როდესაც მაკკეინის ინსტიტუტის ეგიდით ასეთი ტიპის ანგარიში იდება, ეს არის პირდაპირი მოწოდება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჩვენს საზოგადოებას კიდევ რომ შევახსენოთ დოკუმენტი, რომელიც მომზადდა 2024 წელს 2-8 სექტემბრის ფარგლებში ლორა თორნტონის მიერ და კიდევ სხვა აქტორებიც ჰყავს ამ ანგარიშს, სადაც საგანგაშო საკითხებია პირდაპირ დასმული ოპოზიციის წინაშე. ამ ანგარიშს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ სამოქალაქო არეულობის გზამკვლევი არჩევნების შემდგომ. აქ არ ერიდებიან ტერმინს „სამოქალაქო დაპირისპირებას“, „სამოქალაქო არეულობას არჩევნების შემდგომ“. პირდაპირ არის გაწერილი, რომ არჩევნების შემდგომ, რომც დადასტურდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ჩვენ და საერთაშორისო საზოგადოება უნდა დავაკვირდეთ პროცესს იმასთან დაკავშირებით, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორი დამოკიდებულება ექნება ხელისუფლებას პროტესტანტების მიმართო. იმას კი არ ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ არჩევნები, უნდა დავაკვირდეთ პროცესსო. ერთია იმის თქმა, რომ ოპოზიცია ემზადება არეულობისთვის და ეს ვიცით, თუმცა როდესაც მაკკეინის ინსტიტუტის ეგიდით ასეთი ტიპის ანგარიში იდება, ეს არის პირდაპირი მოწოდება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, მიუხედავად იმისა დადასტურებული იქნება, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ამას იტყვიან“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.