PACE: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საკვანძო საკითხია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად

PACE: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საკვანძო საკითხია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საკვანძო საკითხია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მისი ცნობით, PACE–ს წინასაარჩევნო დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა იულიან ბულაი (რუმინეთი, ALDE), საქართველოში ორდღიანი (23-24 სექტემბერი 2024) ვიზიტი დაასრულა.

PACE–ს ცნობით, იულიან ბულაიმ აღნიშნა, რომ "ოქტომბრის არჩევნები იმართება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ტრაექტორიისთვის გადამწყვეტ დროს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლებიც ლეგიტიმურად აღიქმება ყველა დაინტერესებული მხარის მიერ, მნიშვნელოვანია ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს კანონიერი ადგილის დასაცავად".

"ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია იმით, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც მომავალ არჩევნებს დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო ორიენტაციის შესახებ. მე ვიზიარებ დელეგაციის წარმომადგენლების შეშფოთებას დემონსტრანტების დარბევისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შესახებ. ხელისუფლებას მოეთხოვება ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისად მოქმედება, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და ძალადობის შემთხვევებზე სათანადო გამოძიების ჩატარების მცდელობის გამოჩენა. ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ ოპოზიციის წევრების შევიწროების ბრალდებებით, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარით, დაშინებითა და სიძულვილის ენით. მე მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები. მე ვგმობ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შემაშფოთებელ ეფექტს აქტივისტებსა და ადგილობრივ დამკვირვებლებზე არჩევნების წინ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ასამბლეის მოთხოვნას ამ კანონის გაუქმების შესახებ, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან", – აცხადებს ბულაი.

ამასთან, იგი გამოხატავს შეშფოთებას ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზაციების გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების შესახებ და აღნიშნავს, რომ "ამას მსუსხავი ეფექტი ექნება ადგილობრივ დამკვირვებლებზე".

გარდა ამისა, განცხადებაში უარყოფითადაა შეფასებული გენდერული კვოტების გაუქმების გადაწყვეტილება:

"ამან შეიძლება, საზიანო გავლენა იქონიოს ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, უზრუნველყონ, რომ ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს წარმოდგენილი პარტიულ სიებში“.

"ჩვენ ასევე გვსურს გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება პოლიტებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ. ჩვენ მოვისმინეთ შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შესახებ, რაც გავლენას მოახდენს თანაბარ პირობებზე. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პლურალიზმის შელახვის რიტორიკისაგან, როგორიცაა ოპოზიციის აკრძალვის მოწოდება, რაც სერიოზულად შეაფერხებს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებს", – დასძინა ბულაიმ.

კარლო პოლარიზაცია თქვენი 1000 პროცენტიანი დამსახურებაა
1 თვის უკან