მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალების მოთხოვნები რომ გაგვეთვალისწინებინა, ბაიდენი მოწვევას კი არ გაუუქმებდა ირაკლი კობახიძეს, მხრებზე შეისვამდნენ მას და ისე შეიყვანდნენ გაეროს სამიტზე

მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალების მოთხოვნები რომ გაგვეთვალისწინებინა, ბაიდენი მოწვევას კი არ გაუუქმებდა ირაკლი კობახიძეს, მხრებზე შეისვამდნენ მას და ისე შეიყვანდნენ გაეროს სამიტზე

რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის  ომში ჩართვის მოთხოვნას დათანხმდებოდა - ამ თემაზე ისაუბრა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში, უკრაინის მსგავსად, იქნებოდა ნგრევა და მსხვერპლი. 

ყაველაშვილის თქმით, სამწუხაროდ, უკრაინამ ვერ გაითვალისწინა ის, თუ რა სამხედრო შესაძლებლობები აქვს რუსეთს, რისი გაკეთება შეუძლია მას და რა საფრთხე არსებობს მომავალში. 

„არახამიამ, რომელიც ოპოზიციის რუპორი იყო და ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა ტელევიზიაში გამოდიოდა, აღიარა, რომ უკრაინა სამშვიდობო ხელშეკრულებას თურქეთის შუამავლობით ხელს აწერდა, რათა გაეჩერებინა ეს საშინელი ომი. მოხდა ისე, რომ დასავლეთის დავალებით, პირადად ჯონსონი ჩავიდა ადგილზე და მოითხოვა არ შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები. ეს იყო რეალობა და ამას გვთხოვდნენ ჩვენ - ჩავრთულიყავით ომში. ეს არ დავუშვით ჩვენ. ვერ გაითვალისწინა უკრაინამ ის, თუ რა რესურსი ჰქონდა რუსეთს. არ იცოდნენ და მხოლოდ ახლა დაინახეს მისი აგრესია? ან არ იციან რა შეუძლია კიდევ რუსეთს? მაგალითად ის, რომ გამარტივებული წესით აამოქმედოს ბირთვული იარაღი (სხვათა შორის გუშინ შემოიღეს ეს წესი). ვინაა მისი გამჩერებელი? 

უკრაინისთვის ნიშნის მოგებით კი არ გვინდა იმის ჩვენება, თუ რა იქნებოდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, არამედ გვინდა რეალობის ჩვენება. სწორედ ეს რეალობა (ნგრევა და მსხვერპლი) იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ შეგვესრულებინა ამ ნაძირალების მოთხოვნა. საქართველოს ქალაქებში ერთი ერთში იქნებოდა ის რეალობა, რასაც სალომე ზურაბიშვილი მისტირის.

კიდევ ერთი, მათი მოთხოვნები რომ გაგვეთვალისწინებინა, ბაიდენის ადმინისტრაცია მოწვევას კი არ გაუუქმებდა ირაკლი კობახიძეს, მხრებზე შეისვამდნენ მას და ისე შეიყვანდნენ გაეროს სამიტზე. დღეს ჩვენ რომ მათ დავთანხმებულიყავით მეორე ფრონტის გახსნაზე და ჩავრთულიყავით ამ პროცესში, ახლა ჩვენ მოწინავეები ვიქნებოდით და ეს ჩვენი ოპოზიციონერები „ღირსებით“ აივსებოდნენ - ნახეთ საქართველოს როგორ ესაუბრებიანო. 

ეს ადამიანები (რადიკალები) ვერ წევენ სხვა თემას. გივი თარგამაძისა და ხატია დეკანოიძის განცხადებები წავიკითხე, სადაც ისინი ამბობენ, რომ ხალხო, რა არჩევნები, ახლა ჩვენ ამათ თავი უნდა შევაკლათო. ხედავთ საითკენ მიჰყავთ საქმე - სამოქალაქო ომისკენ, სურთ საზოგადოებაში დაძაბულობა აწიონ,“ -  განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.