არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება წნეხი ქვეყნის შიგნიდან თუ გარე ძალების მხრიდან, ჩვენ გავატარებთ ამ პოლიტიკას და შევუნარჩუნებთ ქვეყანას მშვიდობას, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლის შეფასებისას.
„რა თქმა უნდა, დასაწყისში მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ბატონი პრემიერი შეეხო მშვიდობის მნიშვნელობას და იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს გლობალური და რეგიონშიც ასეთი გამოწვევები, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი წნეხი მოდის ჩვენზე. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ეს წნეხი ქვეყნის შიგნიდან თუ გარე ძალების მხრიდან, ჩვენ რა თქმა უნდა, გავატარებთ ამ პოლიტიკას და შევუნარჩუნებთ ქვეყანას მშვიდობას.
ბატონი პრემიერი ასევე შეეხო საქართველოს საკვანძო როლს შუა კორიდორის პროექტში. ჩვენ ვართ დამაკავშირებლები აზიისა და ევროპისთვის. პრემიერი შეეხო იმ ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც საქართველოს მით უმეტეს, ბოლო სამი წლის განმავლობაში გააჩნია”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.