ნეტფლიქსმა დაადასტურა, რომ ცნობილ რეპერთან, 50 Cent-ის ფსევდონიმით ცნობილ კერტის ჯექსონთან თანამშრომლობით დიდის შესახებ დოკუმენტურ სერიალს იღებს.
სერიალში განხილული იქნება დიდის მიმართ არსებული ბრალდებები, დამტკიცებული დანაშაულები და გამოძიების პროცესი, რომელიც ახლაც გრძელდება. დიდი სექსუალურ ტრეფიკინგში, სექსუალურ ძალადობაში და რეკეტშია ბრალდებული.
როგორც ჩანს, 50 Cent-ს ამ სერიალის გადაღების იდეა მაშინვე დაებადა, როცა ამერიკის უზენაეს სასამართლოში ქომბსზე სარჩელი შევიდა. რეპერმა ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ სერიალზე საავტორო უფლებები ნეტფლიქსმა მოიპოვა და პროექტის პროდიუსერი სწორედ 50 Cent იქნება.
50 Cent-მა სერიალის შესახებ ტვიტერზეც დაპოსტა და ხუმრობით ხაზი გაუსვა დიდის საქმის ერთ-ერთ დეტალს — მის სახლში FBI-მ 1000-ზე მეტი ბავშვის ზეთის ბოთლი იპოვა.
სერიალის რეჟისორი ალექსანდრა სტეიპლტონი იქნება. "ეს ისტორია ძალიან ბევრ ადამიანს ეხება. სერიალის კომპლექსური ნარატივი ათწლეულებს მოიცავს და არა მხოლოდ იმ სათაურებსა და კლიპებს, რომლებიც აქამდე გვინახავს. გვსურს, რომ მსოფლიოს იმ ადამიანების ხმა გავაგონოთ, ვისიც არავის ესმის და მათი ავთენტური და ნიუანსური პერსპექტივა ვაჩვენოთ. ქომბსის მიმართ არსებული ბრალდებები ძალიან შემაწუხებელია, თუმცა გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ დიდის ისტორია ჰიპ-ჰოპს და ამ კულტურას არ ასახავს. მიზნად ვისახავთ იმის ჩვენებას, რომ ინდივიდთა ქმედებებმა კულტურის მნიშვნელოვანი მიღწევები არ გადაფაროს," — თქვეს სტეიპლტონმა და 50 ცენტმა.
ქომბსი ამჟამად ბრუკლინის ფედერალურ ციხეშია დაკავებული. სასამართლომ მას გირაოს უფლება არ მიანიჭა. რეპერს 10-ზე მეტ ადამიანზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. როგორც ირკვევა, ის ქალებზე ძალადობისას ვიდეოებს იღებდა და ავრცელებდა.