ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლას აფასებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ გაეროს ტრიბუნიდან რუსეთი ბევრჯერ უნდა ეხსენებინა. გარდა ამისა, ოპოზიცია ამბობს იმასაც, რომ მაშინ როდესაც პრემიერი გაეროს ტრიბუნიდან ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრობს, მოსახლეობა ამ შედეგებს საკუთარ თავზე უნდა გრძნობდეს.
„იმ სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, რატომ დახარჯა მგზავრობის თანხა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ საქართველოს ინტერესებს არ დაიცავდა გაეროში? ბევრი შეკითხვა გვაქვს ჩვენ კობახიძესთან, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც ვერ წარმოადგინა საქართველოს ინტერესები და პირიქით, ხელი შეუწყო რუსეთის ინტერესების გატარებას“, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი თამარ კორძაია.
„წესიერ ქვეყნად ყოფნას ადამიანები უნდა გრძნობდნენ საკუთარ ტყავზე, ქუჩაში, სამზარეულოში, რაც ასე არ არის. 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ადამიანებისთვის არაფერი იცვლება. რაც შეეხება საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში, თითქოს დასავლელ მეგობრებს კიდე ერთხელ შეახსენა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც შუა დერეფანი. ჩაკირკიტება, რომ უფრო მეტად უნდა ეხსენებინა რუსეთი... მე ამაზე აქცენტს არ გავაკეთებდი. გამოდიხარ და ამბობ, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან არის გარიგებული, მერე იმის მოლოდინი გაქვს, რომ გაეროში გამოვა და რუსეთს გააკრიტიკებს? ასე რომ, ოპოზიციის კრიტიკაც სუსტია, ჩემი აზრით“, - მიიჩნევს „გირჩის“ წევრი ჰერმან საბო.