ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხდნენ, აღმასრულებელ ორგანოებში, სხვადასხვა პოზიციებზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მისივე თქმით, მათ შორის არიან არჩილ თალაკვაძე, ხატია წილოსანი და ბექა ოდიშარია.
„გარდა იმისა, რომ არჩილ თალაკვაძე ჩვენი ერთგული თანამებრძოლია, ის პროფესიონალი კადრია და ეს ყველამ იცით. მასთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები და სანამ შეთანხმება არ მოხდება, ამის თქმის უფლება არ მაქვს. ასევე არიან სხვა ადამიანები, მაგალითად ბექა ოდიშარიასთან მიმდინარეობს კონკრეტულ მიმართულებაზე კონსულტაციები. მაგალითად, ხატია წილოსანი, რომლის მიმართაც პრემიერის მხრიდან იყო შეთავაზება დიპლომატიურ სამსახურში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. ელგუჯა გოცირიძემ თავად თქვა, რომ მას ურჩევნია დაბრუნდეს ბიზნესში და სრულფასოვნად ჩაერთოს. დანარჩენებთან, მიმდინარეობს ძალიან სერიოზული კონსულტაციები კონკრეტული მიმართულებებით აღმასრულებელ სფეროში. შესაბამისად, ისინი ჩაამთავრებენ ამ მოწვევის პარლამენტში მუშაობას, რის შემდეგაც აღმასრულებელ ორგანოებში გადაინაცვლებენ სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.